ვაქცინაციის დაბალი ტემპის გამო ეპიდემიოლოგები საქართველოში მძიმე ზამთარს პროგნოზირებენ
კორონავირუსის "დელტა" შტამისა და გრიპის ვირუსთან ერთად, სპეციალისტები ქვეყანაში "ომიკრონის" შტამის გავრცელების მოლოდინშიც არიან.
ეპიდემიოლოგების პანდემიასთან ბრძოლის მთავარ იარაღად კვლავ ვაქცინაციასა და რეკომენდაციების დაცვას ასახელებენ.
"ჩვენ რამდენიმე გამოწვევის წინაშე ერთდროულად ვდგავართ ამჟამად, ერთი - სეზონია ისეთი, რომ რესპირატორული ვირუსები ისედაც გვიტევდა,
გრიპი, რომელიც ყოველ სეზონზე პრობლემაა და სავარაუდოდ, გვექნება აღმავლობა. ასევე, "ომიკრონი", რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში
დადასტურდა და გარდაუვალია, რომ ჩვენ ქვეყანაშიც იყოს. პანდემიის ასეთმა ხანგრძლივობამ სერიოზულად მოადუნა ადამიანები, დაიღალნენ და შესაბამისად,
რეგულაციების დაცვა უფრო მეტი პრობლემაა, ვიდრე მანამდე. მთავარი, რისიც ყველაზე მეტად გვეშინია, არის ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა და ის,
რაც გვქონდა 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში, სტაციონარში აღარ იყო ადგილები. ყველაზე მთავარი, რისიც ყველას გვეშინია, არის რომ არ დადგეს ასეთივე მომენტი," -
აცხადებს კლინიკა ”ნეოლაბის” კლინიკური განყოფილების გამგე, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი
ვაქცინაციის დაბალი ტემპის გამო მძიმე ზამთარს პროგნოზირებს ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მედიცინის დოქტორი მაია ჩხაიძე.
"მძიმე ზამთარი გველის, ვაქცინაციის ტემპი თუ არ მოიმატებს, 60%-ს, ფაქტია, რომ ვერ ვაღწევთ. 12 წლის ზემოთ ბავშვების ვაქცინაციაც დიდი ენთუზიაზმით
არ მიმდინარეობს. დაგვიგროვდება ეპიდემიოლოგიური საფრთხეები, როგორც სეზონური ვირუსები, A და B გრიპი, ასევე, სხვა ვირუსებიცაა ამ პერიოდში გავრცელებული,
"დელტა" შტამი ხომ ცირკულირებს ჩვენთან ძირითადად და "ომიკრონის" შტამსაც ვერ გადავურჩებით, იმიტომ რომ 40 ქვეყანაში დაფიქსირდა," - განაცხადა მაია ჩხაიძემ.