9 თვეში 13 ქალი მოკლეს - ომბუდსმენის ანგარიში
ფემიციდის საგანგაშო სტატისტიკა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობა და ლგბტ+ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის
საგანგაშო მდგომარეობა ომბუდსმენის ანგარიშში - 2021 წლის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კორონავირუსის პანდემიამ არაპროპორციული
გავლენა მოახდინა ქალებსა და გოგოებზე, კერძოდ, შემცირდა ქალების წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების ჩათვლით.
"ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე პრობლემად რჩება როგორც პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, ისე კონკრეტული შემთხვევების ეფექტიანად მართვა.
ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით პრობლემად რჩება ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების გატარება,
მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სისტემის გაუმჯობესება და ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის შესაძლებლობების შექმნა.
კვლავ საგანგაშოა ფემიციდის სტატისტიკა, 2021 წლის 9 თვის განმავლობაში (იანვარი - სექტემბერი) 13 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა,
საიდანაც 5 შემთხვევაში ოჯახური დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა, ხოლო 8 შემთხვევაში - სხვა მოტივი. მიმდინარე წელს, ასევე 20 ქალის
მკვლელობის მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა, რომელთაგანაც ოჯახური დანაშაულის ნიშნით 11 ფაქტი იყო ჩადენილი.
საგანგაშოა, რომ ლგბტ+ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა კვლავ საფრთხის ქვეშ დგას, რასაც გასულ წელს მათზე განხორციელებული
თავდასხმებიც ცხადყოფს. თითქმის ყოველდღიურ ხასიათს იძენს ლგბტ+ ადამიანების უფლებებზე მომუშავე პირთა მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა,
ოფისების დაზიანება და სხვა სამართალდარღვევები." ნათქვამია ანგარიშში.