Covid-პაციენტისთვის სამსახურში ცნობის წარდგენის ახალი წესი
ასიმპტომური ან მსუბუქი კოვიდპაციენტისთვის სამსახურში ცნობის წარდგენის წესი შეიცვალა. მათ აღარ აქვთ ვალდებულება დამსაქმებელთან ექიმისგან გამოწერილი სამედიცინო ცნობა მიიტანონ - კოვიდის დადასტურების ფურცლის წარდგენა უკვე საკმარისია.
სამსახურში წარსადგენი დოკუმენტის მიღება შესაძლებელია ტესტირების ჩატარების ადგილზე ან Georgia E-health-ის აპლიკაციით.
"აღნიშნული ცნობის წარდგენის შემთხვევაში, მიმდინარე წლის 4 თებერვლამდე ინფიცირებული პირებისთვის, შრომისუუნარობის ვადად 8 კალენდარული დღე ითვლება, 4 თებერვლის შემდეგ კი - 7. გამონაკლისს წარმოადგენს სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებების (სამედიცინო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვისა, ფინანსთა სამინისტროები და მათი სისტემები, პროკურატურა, უსაფრთხოების სამსახური) თანამშრომლები, ტესტის დადებითი პასუხის წარდგენის შემთხვევაში მათთვის შრომისუუნარობის ვადა განისაზღვრება კარანტინისა და იზოლაციის ახალი წესების მიხედვით, ამასთან, არ აღემატება 7 კალენდარულ დღეს", - აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.
ცვლილება უკვე ამოქმედდა და კერძო თუ საჯარო სექტორში დასაქმებულ ნებისმიერ პირს ეხება.
ბოლო დროს საქართველოში კორონავირუსი ყოველდღიურად რამდენიმე ათას ადამიანს უდასტურდება. მათ შორის, ბოლო 24 საათში ეს მაჩვენებელი 15 ათასს აღემატებოდა. იმისთვის, რომ ინფიცირების პერიოდი ადამიანებს არასამუშაო დროდ ჩათვლოდათ, აუცილებელი იყო ექიმის მიერ გამოწერილი სამედიცინო ცნობა წარედგინათ დამსაქმებლებთან.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 496 156 შემთხვევა.