კასპელი ახალგაზრდა, ვეტერინარიის მიმართულებით, პირველი ეროვნული აგრარული ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის სპეციალისტი თამარ ბაისონაშვილი, საქართველოს ეროვნული აგრარული ოლიმპიადის, ვეტერინარიის მიმართულების, გამარჯვებული გახდა. იგი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი ხოვლიდანაა.აგროოლიმპიადის ორივე ეტაპზე თამარმა პირველი ადგილი მოიპოვა.
„ძალიან მნიშვნელოვანი და სტიმულის მომცემია, როდესაც არსებობს ადგილი, სადაც შენი ცოდნისა და გამოცდილების წარმოჩენის, ასევე, საკუთარი შესაძლებლობების, ასე ვთქვათ, გამოცდის, საშუალება გაქვს. აგრარულ ოლიმპიადი სწორედ ეს ადგილი აღმოჩნდა... ადვილი ნამდვილად არ იყო. გამარჯვება, რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს. ამ გამარჯვებით მიღებული კვლევითი გრანტის გამოყენებას სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ვგეგმავ. კვლევას, რომელსაც განვახორციელებ, ჩემი სადოქტორო ნაშრომის თემად გამოვიყენებ” - თამარ ბაისონაშვილი.
საქართველოში პირველი ეროვნული აგრარული ოლიმპიადა დასრულდა. 24 ივლისს, აგროოლიმპიადის გამარჯვებულები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა დააჯილდოვეს.
აგროოლიმპიადა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცის (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის და სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა. პროექტის პარტნიორები იყვნენ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა, პროექტი GRETA| მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) და გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი (EIEC).