პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 24 მაისიდან იწყება



პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 24 მაისიდან იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 24 მაისს, დილის 09:00 საათიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონულ რეგისტრაციას იწყებს, რომელიც 15 ივნისს, დღის ბოლოს დასრულდება.

რეგისტრაციას ბავშვის მშობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალური ვებგვერდის registration.emis.ge მეშვეობით ელექტრონული ფორმით უზრუნველყოფს.

საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქციის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

ბავშვის რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 2022 წლის 16 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
  • კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.

შეგახსენებთ, რომ „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შესული ცვლილების გათვალისწინებით, 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში განხორციელდება იმ ბავშვების ჩარიცხვაც, რომელთაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე უსრულდებათ. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა თხოვნის საფუძველზე იქნა მიღებული.

III ეტაპის ­– საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 4 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში რეგისტრაციის IV ეტაპი დაიწყება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე მოხდება იმ მოსწავლეების რეგისტრაცია, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან რეგისტრაციის შეცვლა სურთ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ