,,ტვ მონიტორინგის“ ინფორმაციით გორის კულტურის ცენტრის ყოფილ დირექტორებს გირაო შეეფარდა
გორის რაიონულ სასამართლოში კულტურის ცენტრის ყოფილი თანამშრომლების მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობა დასრულებულია.
მოსამართლე დავით მაკარაძემ სამივე ბრალდებულს გირაო შეუფარდა:
- 5 000 ლარიანი გირაო დავით წეწვაძეს,
- 2000 ლარიანი გირაო ვოვა შუღლიაშვილს
- 4000 ლარიანი გირაო კახა ბეგლარაშვილის
“სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და სამივე ბრალდებულს გირაო შეეფარდა. პროკურატურამ ბრალი წარუდგინა მას შემდეგ, რაც მოხდა გამოძიების ჩატარება და მტკიცებულებების შეგროვება. გამოძიება ისევ გრძელდება და შესაძლებელია მოხდეს, სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაც. პროკურატურა მოქმედებს კანონით დადგენილ ხანდაზმულობის ვადებში”, – განაცხადა პროკურორმა, ოთარ ხორგუაშვილმა ,,ტვ მონიტორინგთან“
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ბრალდებით, 2017 წელს, დავით წეწვაძის თხოვნით, ვლადიმერ შუღლიაშვილმა, ერთი პირი შტატგარეშე თანამშრომლად დანიშნა. აღნიშნული პიროვნება სამსახურში არ დადიოდა, მისი სახელფასო ბარათით დავით წეწვაძე სარგებლობდა. პროკურატურის მტკიცებით, დავით წეწვაძემ ამ ფორმით 6 თვის ხელფასი და 2 პრემია მიითვისა; გამოძიების ცნობითვე, ამის პარალელურად, შტატგარეშედ დანიშნული თანამშრომელი და დავით წეწვაძე სარეალიზაციოდ ინახავდნენ 6 000 ლარის ღირებულების უაქციზო სიგარეტს.