რა დამსახურებისთვის მიიღო გორის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა თანამშრომელმა ჯილდო ?



რა დამსახურებისთვის მიიღო გორის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა თანამშრომელმა ჯილდო ?

ფლანგვის დეტექტორი ამჯერად გორის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებული თანამშრომლების ხელფასებით და ჯილდო/დანამატებით დაინტერესდა. მუნიციპალიტეტიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის შესწავლისას დავადგინეთ, რომ მერიის თანამშრომლები წელიწადში საშუალოდ ორჯერ მაინც იღებენ დანამატს, ხოლო 2021 წელს ჯილდოთი წახალისება მერიაში დასაქმებულ თითქმის ყველა თანამშრომელმა მიიღო. ჩვენ ასევე დავინტერესდით გორის მერიაში დასაქმებულების შრომის ანაზღურებით, რომელიც წლების მიხედვით შემდგენაირად გამოიყურება:

2020 წელს გორის მერიაში 244 ადამიანი მუშაობდა, რომელთაგანც 21 პირი შტატგარეშე თანამშრომელი იყო, ხოლო 33 პირი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით იყო დასაქმებული. 2020 წელს, მათზე გაცემულმა თანამდებობრივმა სარგომ 3,095,543 ლარი შეადგინა, ამავე წელს შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურება კი 207,375 ლარი იყო.

გორის მერიიდან მოწოდებული ოფიციალურ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, საჯარო მოხელეების რაოდენობა გაიზარდა მომდევნო წელს. 2021 წელს გორის მერიაში 247 ადამიანი იყო დასაქმებული, რომელთაგანც 26 პირი შტატგარეშე თანამშრომელი იყო, ხოლო 31 პირთან ადმინისტრაციული ხელშეკრულება იყო გაფორმებული. 2021 წელს გაცემული თანამდებობრივი სარგო წინა წელთან შედარებით ოდნავ დაბალი, 3,091,682 ლარი იყო. შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურება 231,855 ლარს შეადგენდა,

ხოლო რაც შეეხება 2022 წელს, გორის მერიაში 214 ადამიანი არის დასაქმებული, რომელთაგანც 25 პირი შტატგარეშე თანამშრომელია, ხოლო 29 პირთან ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის გაფორმებული. მიმდინარე წელს გაცემული თანამდებობრივი სარგო 2,987,821 ლარს შეადგენს. საინტერესოა, რომ წელს უკვე თითქმის იგივე რაოდენობის თანხაა შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურებაზე გაცემული, რამდენიც 2021 წლის განმავლობაში მთლიანად. აღნიშნული თანხა 231,854 ლარს შეადგენს.

ბოლო სამი წლის განმვლობაში, გორის მუნიციპალიტეტში დასაქმებულებმა მერიისგან დანამატი/ჯილდოც მიიღეს. საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს დანამატისა და ჯილდოს მიღების წესს. საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონის თანახმად, სახელფასო დანამატი გაიცემა იმ შემთხვევებში, როდესაც საჯარო მოხელე მუშაობს ღამის საათებში, დასვენების დღეებში, ასრულებს ზეგანაკვეთურ სამუშაოს, ასევე ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაოს და სხვა.

2020-2022 წლებში ჯამში 41,820 ლარის ოდენობის დანამატი გაიცა. როგორც საჯარო ინფორმაციით ვგებულობთ 3 წლის განმავლობაში მხოლოდ 64 პირი აკმაყოფილებდა კანონით გათავალისწინებული დანამატის მიღების წესს. უფრო დეტალურად კი: 2020 წელს თებერვალსა და დეკემბერში 18-მა პირმა მიიღო დანამატი, რომლის საერთო რაოდენობა 8,650 ლარს შეადგენს. აქედან შტატგარეშე მოსამსახურეთა დანამატმა 350 ლარი შეადგინა.

2021 წელს გორის მერიის თანამშრომლებს დანამატი არ მიუღიათ, ხოლო მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის მერიის 45-მა თანამშრომელმა აიღო დანამატი 31,570 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, დანამატი აიღო შტატგარეშე მოსამსახურე პირებმაც, თანხამ კი 1,250 ლარი შეადგინა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავებისას ფლანგვის დეტექტორის მკვლევარების განსაკუთრებული ყურადღება 2021 წლის მონაცემებმა მიიქცა. 2021 წელს გორის მერიაში თითქმის ყველა თანამშრომელზე გაიცა ჯილდო. კერძოდ კი 271 თანამშრომელმა გორის მერიის ბიუჯეტიდან 212,688 ლარის ოდენობის ჯილდო

მიიღო.

ჯილდო საჯარო მოხელეების წახალისების საშუალებაა და მას იღებენ საჯარო დაწესებულებაში პირები, რომლებიც ზედმიწევნით და სანიმუშოდ ასრულებენ სამუშაოს, ჯილდო გადაეცემათ ასევე ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის ან იმ შემთხვევაში როდესაც განსაკუთრებული სირთულის მნიშვნელობის დავალებას ასრულებენ. შესაბამისად, კითხვებს აჩენს, როგორ დააკმაყოფილა კანონმდებლობით გაწერილი ჯილდოს მიღების კრიტერიუმები 2021 წელს გორის მერიის თითქმის ყველა თანამშრომელმა, როდესაც მსგავსი პრეცენტენდი არ ყოფილა არც 2020-სა და არც 2022 წლებში.

ის ფაქტი, რომ სწორედ 2021 წელს იყო გაცემული უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობის ჯილდო გვაძლევს იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ აღნიშნული გარემოება შესაძლოა უკავშირდებოდეს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომლის პირველი ტური 2021 წლის 2 ოქტომბერს, ხოლო მეორე-30 ოქტომბერს ჩატარდა. გორის თვითმმართველობის არჩევნებში პარტიაქართული ოცნებისკანდიდატმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გაიმარჯვა.

კიდევ ერთი საეჭვო ფაქტი იქცევს ჩვენს ყურადღებას. ეს არის შეუსაბამობა 2021 წელს გორის მერიაში ოფიციალურად დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობასა და ამავე წელს გაცემულ ჯილდოს რაოდენობას შორის. საჯარო დოკუმენტაციის მიხედვით, რომელიც გორის მუნიციპალიტეტმა მოგვაწოდა, 2021 წელს მერიაში ჯამში 247 ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო ჯილდო 296 ადამიანზე გაიცა. ამ კითხვით გორის მერიას მივმართეთ. მერიის თანამშრომლის თქმით აღნიშნული უზუსტობა გამოწვეული იყო, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის უზუსტობით. მერიის თანამშრომლის თქმით, 2021 წელს გორის მერიაში 247-ის ნაცვლად 307 ადამიანი იყო დასაქმებული, ანუ 60 თანამშრომლით მეტი, შესაბამისად სწორედ ამ ადამინებმა მიიღეს ჯილდო. აღნიშნული ფაქტი კვლავ რამდენიმე კითხვას ბადებს. რითი იყო გამოწვეული 2021-2022 წლებში გორის მერიის თანამშრომლების ასეთი რადიკალური ზრდა და შემცირება? როგორც ჩვენთვის ცნობილია, 2022 წელს გორის მერიაში 93-ით ნაკლები თანამშრომელი მუშაობდა.

2021 წლის მონაცემს კვლავ ამავე წელს გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან მივყავართ და გვაძლევს ვარაუდის საშუალებას, რომ მერიამ გამიზნულად გაზარდა თანამშრომლების რაოდენობა, რათა ისინი პარტიული მიზნებისთვის გამოეყენებინა.

წყარო:

გორის მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია: http://bit.ly/3WYllf8

კანონი საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3971683...;

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ