გორის მერიამ სოფელ ზარდიაანთკარში დაზიანებული სახლების რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გამყოფი ხაზის მიმდებარედ, სოფელ ზარდიაანთკარში დაზიანებული სახლების რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანებულ 28 საცხოვრებელი სახლის აღდგენის გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარში დაზიანებული 28 საცხოვრებელი სახლის აღდგენის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, გორის მუნიციპალიტეტს გამოუყო 1 800 000 ლარი.
სახლების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითმა სამთავრობო კომისიამ მიიღო.