სახალხო დამცველი თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სახალხო დამცველი თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ომბუდსმენის აპარატის მხრიდან საქმის შესწავლამ ცხადყო, რომ გამოძიება არ ჩატარებულა ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების გათვალისწინებით, რითაც დაირღვა მოქალაქის სიცოცხლის უფლება.
მერებაშვილი 2018 წლის ივლისში ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. საქმეზე პასუხისგებაში მხოლოდ ერთი პირი მიეცა - ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ბრალდებით. სახალხო დამცველის აპარატი წერს, რომ საქმეში არსებობს არაერთი "აუხსნელი და საეჭვო" გარემოება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შესაძლოა, მერებაშვილის მიმართ სატრანსპორტო შემთხვევამდე განხორციელებული ყოფილიყო სხვა დანაშაულიც, რომელიც ასევე შეიძლება ყოფილიყო მოქალაქის გარდაცვალებასთან მიზეზ-შედეგობრივ კავშირში.
სახალხო დამცველის აპარატი იმედოვნებს, რომ გენერალური პროკურატურა გაატარებს ეფექტიან ღონისძიებებს, რათა ამ ეტაპზე ჯერ კიდევ შესაძლებელი ყველა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება ჩაატაროს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადაში. ასევე, იმედოვნებს რომ პროკურატურა იმსჯელებს გამოძიების მწარმოებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისა და გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელი პროკურორის ქმედებებში სამსახურებრივი გულგრილობის შესაძლო ჩადენის ფაქტზე გამოძიების დაწყებისა და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების საკითხზე.
"საქმის მასალებით დგინდება, რომ თ.მ., სატრანსპორტო შემთხვევამდე, სატელეფონო კომუნიკაციებით ითხოვდა შველას და აცხადებდა რომ იყო დაჭრილი. ასევე, ცნობილია, რომ გარდაცვალებამდე იგი სხვა პირებთან ერთად სუფრაზე იმყოფებოდა, სადაც ადგილი ჰქონდა გარკვეულ ინციდენტებს ან შესაძლო დანაშაულს. ამის შემდეგ, მას გზაზე მწოლიარე მდგომარეობაში გადაუარა მანქანამ.
2018 წელს დაწყებულ გამოძიებაზე ამ დრომდე არ არის ჩატარებული საკვანძო გარემოებების დასადგენად რელევანტური და აუცილებელი არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მათ შორის, არ დანიშნულა და არ ჩატარებულა კომპლექსური ტრასოლოგიური და სამედიცინო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზა თ.მ.-ს თავზე არსებული დაზიანების მიმართულებისა და დაზიანების მიმყენებელი საგნის დადგენის მიზნით. არ ჩატარებულა არც ქიმიური ექსპერტიზა; მოწმეებისთვის არ დაუსვამთ მნიშვნელოვანი შეკითხვები, არ იყო გამოთხოვილი რელევანტური მობილური ტელეფონებიდან ფოტოსურათები და სხვა ინფორმაცია.
გამოძიებამ არ გამოიკვლია ის მნიშვნელოვანი გარემოებები, რომელიც გამოავლენდა ან უარყოფდა თ.მ.-ს მიმართ ჩადენილ ყველა შესაძლო დანაშაულსა და პასუხისმგებელ პირ(ებ)ს. შესაბამისად, ამ დრომდე არ არის დადგენილი, თ.მ.-ს დაზიანებები მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების ზემოქმედებით მიადგა, თუ ავარიამდეც იყო დაშავებული.
სამწუხაროდ, კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, დღეის მდგომარეობით, შეუძლებელია, რის გამოც, გამოძიების მიმდინარეობისას დაშვებული არაერთი ხარვეზი გამოსწორებადი აღარ არის. მაგალითად, ვეღარ მოხდება შემთხვევის ადგილის დეტალური მახასიათებლების აღწერა, საავტომობილო გზის სიგანისა და მასზე გარდაცვლილის ზუსტი მდებარეობის განსაზღვრა. დაუდგენელია, გზის ნაპირებიდან რა მანძილით იქნა აღმოჩენილი დანა და სისხლისმაგვარი და მოთეთრო-მოყავისფრო ბლანტი ნივთიერების ლაქები, სად იყო გაჩერებული ავტომანქანა, რომელმაც გადაუარა თ.მ.-ს, ასფალტის საფარზე აღინიშნებოდა თუ არა დამუხრუჭების შედეგად საბურავების მიერ დატოვებული კვალი და სხვა", - წერია განცხადებაში.
18 წლის თორნიკე მერებაშვილი 2018 წლის 6 ივლისს ხელთუბანი-მეჯვრისხევის საავტომობილო გზაზე მრავლობითი დაზიანებებით იპოვეს, ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. პროკურატურის ვერსიას რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდა ბიჭს, ავტომანქანამ "შემთხვევით გადაუარა", არ ენდობა ოჯახი, რომელიც ამტკიცებს, რომ თორნიკე მოკლეს, გამოძიება კი დამნაშავეებს მფარველობს.