სააკაშვილი 7 ნოემბრის დარბევაზე პასუხისმგებლობას მაშინდელ ვანო მერაბიშვილს აკისრებს



სააკაშვილი 7 ნოემბრის დარბევაზე პასუხისმგებლობას მაშინდელ ვანო მერაბიშვილს აკისრებს

მიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერს მომხდარ დარბევაზე პასუხისმგებლობას მაშინდელ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს აკისრებს -

ამის შესახებ ამავე საქმეზე ბრალდებულმა ექსპრეზიდენტმა, ცოტა ხნის წინ, სასამართლო სხდომის მსვლელობისას განაცხადა. 

ექსპრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ იმ პერიოდის საპროტესტო გამოსვლები საქართველოში რუსული გეგმის განხორციელების ნაწილი იყო.

მე-3 პრეზიდენტი ამბობს, რომ საპროტესტო გამოსვლები სწორედ რუსეთის მიერ იყო ორგანიზებული იმისთვის, რომ ქვეყანას მაპი არ მიეღო.

ამისთვის კი საქმეში ჩართული იყო ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი და ე.წ. კანონიერი ქურდები. 

"რაც შეეხება 7 ნოემბრის საქმეს - რომ ატრიალებთ მუდმივად კადრებს, რომელიც ჩემთვის ძალიან უსიამოვნო საყურებელია და მე დღემდე ცუდად

ვიგონებ ამას, გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი?! და შეადარეთ დაზარალებულთა რაოდენობა 20 ივნისს და 7 ნოემბერს. გუშინ არ გქონდათ ლექსო 

ლაშქარავას მკვლელობა, რომელიც წაახალისა საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირმა თავისი პირდაპირი მოწოდებით?! მაგრამ მე მინდა

ვილაპარაკო იმაზე, რა გეოპოლიტიკური კონტექსტი იყო მაშინ საქართველოში - საქართველო მიდიოდა ნატოსკენ. 2006-ში პუტინმა თქვა, რომ

ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პროცესი შეაჩეროს. იმ წელს, ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ მითხრა, ვინ არის ეს არკადი პატარკაციშვილი,

რომელსაც უნდა ჩემთან ჩამოსვლა და ითხოვს ნებართვას, რომ მე შემხვდესო. მე ვუთხარი, როგორც გინდა ქენი-მეთქი, მაგრამ არაფერი საქმიანი

არ გამოვა-მეთქი და არ მიიღო. მერე პატარკაციშვილი მაინც ჩადის მინსკში. შემდეგ მიყვება ლუკაშენკო, დამირეკა პუტინმა და მითხრაო, რომ

ილაპარაკებს პატარკაციშვილიო. FSB-ს სამი გენერალი ჩავიდა, ეს არის ლუკაშენკოს ნათქვამი, და პატარკაციშვილს წინასწარ შეხვდა. ამის შემდეგ,

პუტინმა გამოუცხადა ლუკაშენკოს, რომ ეს არის საქართველოს შემდეგი პრეზიდენტიო.

ეს ხდება 2007 წლის სექტემბერში. ამის შემდეგ იწყება კამპანია, რომ უნდა იყოს დიდი გამოსვლები, პატარკაციშვილის ორგანიზებული და

დაფინანსებული. პატარკაციშვილის ფული იყო მთლიანად რუსული ფული. ამის გარდა, უნდა ინახებოდეს ამერიკის ფედერალური ბიუროს წერილი,

რომელიც მათ მოგვწერეს დაახლოებით, 2007 წლის ოქტომბერში, სადაც გვითხრეს, რომ ჩამოსულები იყვნენ ერევანში კანონიერი ქურდები, უსოიანი

და რამდენიმე ქართველი კანონიერი ქურდი, რომელთა ფუნქციაც იყო არეულობების ორგანიზება საქართველოს დედაქალაქში. ეს არის FBI-ის 

გაფრთხილება და წერილი. 2007 წლის ოქტომბერში თბილისში გაიმართა ისტორიული კონფერენცია - თბილისში ჩამოვიდა ნატოს გენერალური

მდივანი, ჩამოვიდა რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრი, ამერიკის ელჩი ნატოში, ამერიკის სახელმწიფო მინისტრის მოადგილე და ამ კონფერენციაზე,

რომელიც გრძელდებოდა რამდენიმე დღე, პრაქტიკულად, გადაწყდა საქართველოსთვის მაპის მიღება. ისინი წავიდნენ საოცარი შთაბეჭდილებით.

წავიდნენ 30 ოქტომბერს და 2 ნოემბერს მოხდა ეს დიდი გამოსვლა თბილისში.

მე შორს ვარ იმ აზრიდან, რომ ყველა ადამიანი, ვინც ქუჩაში გამოვიდა, ან რუსეთის დაკრულზე ცეკვავდა, ან იცოდა პატარკაციშვილის გეგმების შესახებ,

ეს იყო რთული პერიოდი იმ გაგებით, რომ ჩვენ ჩავატარეთ საკმაოდ რთული რეფორმები, რამდენიმე ათეულ ათასობით პოლიციელი დარჩა უმუშევარი,

ძალიან ბევრი ადამიანი გადაეწყო ახალ რელსებზე, ინფლაცია იყო საკმაოდ მაღალი, ხალხს ჰქონდა ობიექტური საშუალება რომ ყოფილიყვნენ ჩვენზე

გაბრაზებული. მართლაც იყო დიდი მიტინგი, ეს მე მივიღე, როგორც სიგნალი, ამ მიტინგზე მივიდა პატარკაციშვილი და წარმოთქვა სიტყვა და ამით

ყველაფერი ნათელი იყო, რისთვის ეწყებოდა ეს. შემდეგ 7-ში დილას მაღვიძებენ და მეუბნებიან, რომ რაღაც პატარა შეტაკება მოუვიდა პოლიციას იმასთან,

შემდეგ გადაიზარდა იმაში, ჩვეულებრივი, საპოლიციო, დაახლოებით, ისეთი რაღაც მოხდა, რაც დღეს სასამართლოს წინ, როცა გაზი შეასხეს ვიღაც

დემონსტრანტებს და ვიღაცები დააკავეს. ამის შემდეგ ბევრად მეტი ხალხი გამოვიდა.

უკვე ამ სცენაზე იყო შს მინისტრი, მე ყველაფერს ვუყურებდი ტელევიზიით, მათთვის არანაირი ინსტრუქციები არ მიმიცია, ისინი ასრულებდნენ ამ

მოვალეობას, როგორც მათ ესმოდათ და როგორი გამოცდილებაც ჰქონდა ჩვენს პოლიციას, რომელიც იყო მაშინ ძალიან გამოუცდელი. ღმერთმა დაგვიფარა

და მაშინ არავინ დაიღუპა ამ შეტაკებების დროს. ერთი ადამიანი დაშავდა მძიმედ, რომელთანაც მე სახლში მივედი. ამ ყველაფრის შემდეგ, რომელიც

ძალიან ბევრ ქვეყანაში ხდება, და არავის აზრად არ მოსდის ამაზე საქმეების აღძვრა, გარდა განსაკუთრებული მანიაკებისა, მე გავაკეთე ის, რასაც ძალიან

ცოტა ლიდერი აკეთებს მსოფლიოში - გადავდექი, შევამცირე ჩემი საპრეზიდენტო ვადა 1.5 წლით და წავედი ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც

გაჭირვებით, მაგრამ მოვიგე, რათა მიმეღო ახალი მანდატიო ხალხისგან და ჩამეშალა ის რუსული გეგმები, რომ ამ გამოსვლების გამო არ დაგვბლოკოდა 

ნატოში ინტეგრაცია. შემდეგ პრეზიდენტმა ბუშმა მიმიწვია ოფიციალურ სადილზე და მითხრა ყოჩაღ, რა მაგარი რაღაც გააკეთეო,, შენ რომ გადადექი,

იმიტომ ხარ აქ და იმიტომ გიწერთ მხარსო, რომ არ ეპოტინები ხელისუფლებას. ქართველმა ხალხმა ამ საქმეზე ვერდიქტი უკვე გამოიტანა, რასაც ახლა

აქ გვედავებიან,"-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ