კასპის მუნიციპალიტეტში პოლიტიკური თანამდებობის 2 პირზე გაცემულია დანამატი - სახელმწიფო აუდიტმა დარღვევები დაადგინა
მესტიის, მცხეთის, კასპისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში პოლიტიკური თანამდებობების პირებზე 2020-2021 წლებში კანონმდებლობის შეუსაბამოდ 64,6 ათას ლარის ოდენობით დამატებითი ანაზღაურება გაიცა, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში ვკითხულობთ.
ანგარიშის მიხედვით, სამსახურმა აუდიტი 23 მუნიციპალიტეტში 2020-2021 წლებში წარმომადგენლობითი და აღმასრულებელო ორგანოების დაფინანსებისა და სამშენებლო გამარტივებული შესყიდვების შესაბამისობაზე ჩაატარა.
აუდიტის შედეგად გამოვლენილი სხვა დარღვევები შემდეგნაირია:
ხარვეზები გამოვლინდა ავტოპარკის მართვის მიმართულებით, კერძოდ საგრძნობლად გაზრდილია საწვავის ხარჯი. აუდიტის განმარტებით, საწვავის ხარჯის გაზრდას იწვევს ის, რომ მუნიციპალიტეტების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას.
ამასთან ერთად, ავტომანქანების რაოდენობის შერჩევის პრინციპი არ არის განპირობებული მუნიციპალიტეტების კონკრეტული საჭიროებებით და მიმართულია მოხელეების სამუშაო პირობების გაუმჯობესებისკენ, რასაც მოქმედი კანონმდებლობა ამ ფორმით არ ითვალისწინებს. ასევე, საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმი მუნიციპალიტეტებში სრულად ვერ უზრუნველყოფს მიზნობრივი ხარჯვის ეფექტიან კონტროლს.
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა დადგენილი ნორმის დარღვევა - მუნიციპალიტეტებში დამხმარე და არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად დაქირავებული იყო დადგენილ ნორმაზე მეტი პირი;
- ზოგ შემთხვევაში დაქირავებულთა ფუნქცია-მოვალეობები საჯარო მოსამსახურეების ფუნქციის იდენტური ან/და დაუსაბუთებელია;
- არსებობს რისკი, რომ მუნიციპალიტეტები შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების დროს მოქმედებდნენ არა თვითმმართველი ერთეულის ინტერესების გათვალისწინებით, არამედ კონკრეტული პირების დასაქმების მიზნით.
საკრებულოს წევრებზე დაუსაბუთებლად ანაზღაურებული ხარჯი - მუნიციპალიტეტებმა 2020-2021 წლებში საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად 3,117.8 ათასი ლარი გასცეს შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე, საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ.
მივლინების პროცესში არსებული ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტების მიერ შემუშავებული ფინანსური მართვისა და კონტროლის მექანიზმები არ მოიცავს სამივლინებო ხარჯების ეფექტიანობის შეფასებას. არსებობს რისკი, რომ ზოგ შემთხვევაში მივლინების საჭიროება განსაზღვრული არ არის, თვითმმართველი ერთეულის საჭიროებიდან გამომდინარე. შესაბამისად, მუნიციპალიტეტები სამივლინებო თანხებს იყენებდნენ არარაციონალურად.
დოკუმენტურად დაუსაბუთებელი წარმომადგენლობითი ხარჯები - ზოგ შემთხვევაში მუნიციპალიტეტებმა სტუმრების კვების ხარჯები გასწიეს კონკრეტული ღონისძიებისა და თვითმმართველი ერთეულის ინტერესების საჭიროების გარეშე. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით აღნიშნული ხარჯები არაეკონომიურია, რადგან მოსალოდნელ შედეგებზე გავლენა ვერ დგინდება.
იურიდიული პირების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტები პრაქტიკულად არ ატარებდნენ მემორანდუმით გათვალისწინებულ მონიტორინგს დახარჯული თანხების მიზნობრიობაზე. შესაბამისად, არ არის შესწავლილი გაწეული ხარჯის ეფექტიანობა და ღონისძიებების შესაბამისობა პროგრამით გათვალისწინებულ მიზნებთან.
საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტებმა ვერ დაასაბუთეს, რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული მემორანდუმის ფორმით საფინანსო-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა. მუნიციპალიტეტები ვალდებულნი იყვნენ პირველ რიგში გამოეყენებინათ საკუთარი შრომითი რესურსი, ხოლო მოხელეების პროფესიული განვითარების საჭიროებისას, მომსახურება შეესყიდათ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ფაქტობრივი დანახარჯების გარეშე ანაზღაურებული თანხები - მუნიციპალიტეტებს არ გააჩნიათ ერთგვაროვანი მეთოდი გამარტივებული წესით შესყიდული სამშენებლო სამუშაოების ფაქტობრივი ღირებულების დასათვლელად. მათ მიერ პრაქტიკაში გამოყენებული სხვადასხვა მიდგომა რისკის შემცველია და შესაძლებელია იწვევდეს თანხების ზედმეტად ანაზღაურებას. გამარტივებული შესყიდვის დროს მუნიციპალიტეტები ვერ იცავენ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ფასად მიწოდების პირობას.
შიდა აუდიტის სამსახურების საქმიანობის ხარვეზები - შიდა აუდიტის სამსახურებს სათანადოდ არ შეუსწავლიათ ორგანიზაციაში არსებული პროცესები და შიდა კონტროლის სისტემები, არ გამოუვლენიათ სისტემური ხასიათის რისკები და მათი აღმოფხვრის მიზნით არ გაუციათ შესაბამისი რეკომენდაციები. შიდა აუდიტის სამსახურებმა რიგ შემთხვევებში ვერ უზრუნველყო მერიების საქმიანობის გაუმჯობესება, ფინანსების რაციონალური მართვისა და ორგანიზაციის ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა.