კასპში მოძალადეების მობილიზებას შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე ხელმძღვანელობდა - ენმ-ს განცხადებით, ამოცნობილია საჯარო მოხელეები
"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, ამოიცნეს კიდევ რამდენიმე პირი, რომლებიც 30 ივნისს მომხდარ თავდასხმაში მონაწილეობდნენ. პარტია აცხადებს, რომ იდენტიფიცირებული პირებიდან ყველა საჯარო მოხელეა."მათი უმრავლესობა ჟურნალისტებზე ძალადობდა, ამ ძალადობრივ ჯგუფის მობილიზებას ადგილზე შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე - აბიკო აბესაძე ხელმძღვანელობდა", - წერს "ნაციონალური მოძრაობა".
მათი ცნობით, ინციდენტში მონაწილეობდნენ:
- ნატო ცინცაძე - კასპის მუნიციპალიტეტში სოფელ თეზის საბავშვო ბაღის აღმზრდელი.
- ნუგზარ მძინარაშვილი - გორის სოფ. ატენის ყოფილი გამგებელი და წყალკანალის თანამშრომელი.
- ვაჟა ოხანაშვილი - კასპის კულტურის ა(ა)იპის თანამშრომელი.
შეგახსენებთ, 30 ივნისს, მაშინ როცა ენმ-ს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი კასპში პენსიონერებთან შეხვედრას მართავდა, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ადგილზე მივიდნენ. მათ ჯერ ლევან ხაბეიშვილის მანქანა დააზიანეს და შეხვედრის ჩაშლა სცადეს, შემდეგ კი თავს დაესხნენ "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ გიორგი ახალკაცს და დააზიანეს აპარატურა.
მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია, უწყებაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.