პარტია ,,ლელომ” ხაშურში რეგიონული ორგანიზაცია დააფუძნა და არჩევნები ჩაატრა



პარტია ,,ლელომ” ხაშურში  რეგიონული ორგანიზაცია დააფუძნა და არჩევნები ჩაატრა

პარტია ,,ლელოში” რეგიონული ორგანიზაციების დაფუძნება და არჩევნები დაიწყო. თბილისის ათივე რაიონში ჩატარებული კონფერენციების შემდეგ, პირველი რეგიონული არჩევნები ხაშურში ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, უახლოეს ორ თვეში, საქართველოს მასშტაბით ,,ლელოს” კონფერენცია ყველა რაიონში ჩატარდება და ,,ლელოელები” ადგილობრივი ორგანიზაციების ლიდერებს აირჩევენ.

,,ეს იქნება ის ბირთვი, რომელიც წინა ხაზზე იბრძოლებს, ჩვენს პოლიტიკას განსაზღვრავს და ხალხის მთავარ პრობლემებს წინა პლანზე წამოწევს.

ჩემი პირადი პასუხისმგებლობა არის, რომ თქვენთან ერთად ვიარო სოფელ-სოფელ, ქალაქ-ქალაქ და გავტეხოთ ის ნიჰილიზმი და უნდობლობა, რომელიც 30 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა ამ ქვეყანაში”, - განაცხადა პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ

პარტიის ინფორმაციით, შიდაპარტიულ, თანამონაწილეობითი დემოკრატიის პრინციპებზე დაფუძნებით, პარტიის წევრებს ეძლევათ საშუალება კონკურენტულ გარემოში, ერთი მხრივ, საკუთარი კანდიდატურები წარმოადგინონ მმართველი ორგანოების წევრობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, თავად აირჩიონ გამგეობები არაუმეტეს 7 წევრის შემადგენლობით. გამგეობის შემადგენლობაში აუცილებლად აირჩევიან ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციების თითო-თითო წარმომადგენელი. სწორედ ეს გამგეობები იქნებიან ძირითადი რგოლები, რომლებიც დაგეგმავენ და წარმართავენ ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობას, მიიღებენ გადაწყვეტილებებს, აქტიურად ჩაერთვებიან რაიონების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში და, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, მონაწილეობას მიიღებენ პარტიის ძირითადი სტრატეგიის შემუშავებაზე.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ