"სოლიდარობას ვუცხადებთ Tbilisi Pride-ს და ვგმობთ ძალადობას!" - გორელ ფოტოგრაფთა კლუბი მხარდამჭერ ფოტოს აქვეყნებს
გორელ ფოტოგრაფთა კლუბის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე Tbilisi Pride-ს მხარდამჭერი ფოტო გამოქვეყნდა. გვერდზე 6 ივლისს, დედაქალაქში გამართული აქციის ფოტოები, წარწერით მხარს ვუჭერთ თავისუფლებას, გამოჩნდა.
"სოლიდარობას ვუცხადებთ ასევე ფოტოგრაფებს, ჟურნალისტებს და ოპერატორებს, რომლებზეც ფიზიკურად იძალადეს ძალადობრივმა ჯგუფებმა!
ყველა ადამიანი არის თანასწორი! ვგმობთ ძალადობას, იმას რასაც ორშაბათს რადიკალური ჯგუფები მშვიდობიანი მოქალქეების მიმართ აკეთებდნენ! სახელმწიფომ აუცილებლად უნდა დაიცვას ადამიანების ფუნდამენტური უფლებები და გამოხატვის თავისუფლება!
"ღირსების მარში" ემსახურებოდა ადამიანების თავისუფლებას, იყვნენ ისეთები როგორებიც უნდათ და არავის აქვს ამაში ხელშეშლის უფლება.“ - ამბობს კლუბის ხელმძღვანელი, ოთო გვრიტიშვილი.