ევროპა საბერძნეთში ტყის ხანძრის ჩასაქრობად დამატებით ძალებს აგზავნის



ევროპა საბერძნეთში ტყის ხანძრის ჩასაქრობად დამატებით ძალებს აგზავნის

საფრანგეთიდან საბერძნეთში, ტყის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების აღმოჩენის მიზნით, ათობით მეხანძრე ჩავიდა. ქვეყანა დახმარებას ელოდება შვედეთიდან, ავსტრიასა და ბულგარეთიდან. საბერძნეთში, სადაც მეოთხე დღეა ტყის ხანძრებს ებრძვიან, ათენის ჩრდილოეთ ნაწილიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, წუხელ მოქალაქეების ევაკუაცია ხუთი მუნიციპალიტეტიდან განხორციელდა. დაშავებულია 5 ადამიანი. ხანძარმა გაანადგურა რამდენიმე სახლი, ათენი მძაფრმა სუნმა და კვამლმა მოიცვა. ხანძრის გამო მოძრაობა შეფერხდა ათენისა და საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილის დამაკავშირებელ მაგისტრალზე. რამდენიმე მეხანძრემ და მაშველმა დამწვრობები მიიღო. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა გუშინ განაცხადა, რომ ქვეყანა „უპრეცედენტო პირობების წინაშე დგას, რადგან რამდენიმედღიანმა სიცხემ მთელი ქვეყანა დენთის კასრად აქცია“.

სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილის, ნიკოს ჰარდალიასის თქმით, ხუთშაბათს საღამოს მდგომარეობით 99 ხანძრიდან 57 კვლავ აქტიური იყო, განსაკუთრებით საყურადღებო მდგომარეობაა კუნძულ ევიასა და პელოპონესზე, სადაც სიტუაცია კვლავ შემაშფოთებელია.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ