არჩევნები გორის მაზრაში - 1903 წელი
იმის შესახებ თუ როგორ ტარდებოდა გორის მაზრაში ასი წლის წინ არჩევნები ამის შესახებ ინფორმაცია გაზეთ ,,ივერიაშია“ აღწერილი. ირკვევა, რომ 1903 წელს სოფელ დოესში მიდებარე 4 სოფლის მოსახლეობა შეიკრება რათა მამასახლისი აერჩიათ.
,,ს. ხოვლე (გორის მაზრა). 15 თიბათვეს გორის მაზრის უფროსი თანაშემწის ბ.ნ გოგოხიას განკარგულებით, დილის 12 საათზედ, სოფელ დოესის საყდრის გალავანში მოიყარა თავი ოთხმა სოფელმა: ქახვრელმა, დოესმა, გრაკალმა და ხოვლემ. მაზრის უფროსის თანაშემწემ ბ.ნ გოგოხიამ ხალხს აუხსნა მნიშვნელობა ამნაირ ყრილობისა და მისი კანონიერი უფლებებისა, მამასახლისის მოვალეობა და დანიშნულება სხვათა მოხელეთა. „სამამასახლისო კაცი, უთხრა ბ.ნ გოგოხიამ, უნდა იყოს იმისთანა, რომელიც არასოდეს „პოდსუდში“ არ ყოფილა მიცემული და მთავრობისგან კეთილ-საიმედო პირათ არის ცნობილი; ის უნდა ემსახურებოდეს მიუდგომლად სოფლის საზოგადოების ინტერესებს და ამასთანავე მთავრობის ინტერესებსაც არ აფუჩეჩებდეს. დროზედ, ფეხმარდად და დაუყონებლივ უნდა ასრულებდეს ადმინისტრაციისაგან მოწერილს ბრძანებებს, ერთის სიტყვით სიცოცხლე არ უნდა ეზარებოდეს. ეცადეთ, შუახნის კაცი ამოირჩიოთ და არა ჯეელი, ან ნამეტანი ბებერი. ბებერი უმეტეს შემთხვევაში გამოყრუებულია, საქმის ასრულება ეზარება და იმის ლოლიაობას მოუნდებით. ჯეელი ჭკუა-დაუდუღებელი და უმეტეს შემთხვევაში „კლიაუზნიკიაო“.
შემდეგ მიმართა ყრილობას დაესახელებინათ ვინმე მამასახლისათ. მთელმა დოესის საზოგადოებამ, ოთხმა სოფელმა, ერთხმივ მოითხოვა ძველი ნამამასახლისარი, ხოვლეში მცხოვრებვლი გლეხი ალექსა კოშაძე, რომელიც კრებას არ დასწრებია. ალექსი გიგოლას ძე კოშაძე ახალ-გაზრდა ცოტაოდენი წიგნისაც ეყურება რამე, რუსულსაც რიგიანად ლაპარაკობს და ეხლანდელს ახალ მოვლენილს ცხოვრების დუღილსაც ცოტად, თუ ბევრად ბანს აძლევს. მაზრის უფროსის თანაშემწემ კოშაძე არ ინდომა მამასახლისად, რადგან გუბერნატორისაგან ბრძანება მოსვლია, რომ არამც და არამც კოშაძე არ ამოირჩიოთო. ბ.ნმა გოგოხიამ ხალხს ვადა მისცა მოფიქრებისა, რის შემდეგაც შეიქმნა გაალმასებული ყვირილი: „კოშაძე გვინდა, კოშაძე“! ხალხის სურვილი არ იქმნა დაკმაყოფილებული. ამოარჩიეს დოესში მცხოვრებლი, შუა ხანს გადასული, შეძლებული, უსწავლელი გლეხი - დიმიტრი უხურგუნაშვილი.
16 თიბათვეს ყრილობა მოხდა მეტეხის საზოგადოებისა. აქაც ხალხმა წამოაყენა თავისი სასარგებლო, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში „არასაიმედო პირი“. ურჩიეს სხვა დაესახელებინათ ვინმე. ხალხი გაჯიუტდა, თავისას გაიძახოდა და ბოლოს არაქათ გამოლეული დაიშალა კიდეც. ისე რომ მეტეხში „ღაბაბ სუქანა“, მამასახლისობა ჯერ-ჯერობით არავის რგებია. ეს შემდეგ ყრილობისთვის გადიდო.
17 თიბათვეს, ახალქალაქის არჩევნებმა-კი სულ სხვა ხასიათი მიიღო. აქ ორ ჯგუფად გაიყო ხალხი, ერთში მოექცნენ სომხები, მეორეში ქართველები. სომხები შეადგენენ უმცირესობას, მარტო ახალქალაქის მცხოვრებლებს და მოინდომეს ცალკე ახალქალაქისათვის მამასახლისი ვაჭარი გალუსტოვი. ქართველები შეადგენენ უმრავლესობას, სოფელ ახალქალაქის გარშემო სოფლების მცხოვრებლებს და მოინდომეს ერთიანი საზოგადოება ახალქალაქთან ერთად და დაასახელეს სოფელ ერთაწმიდაში მცხოვრები ვინმე გლეხი ილიკო „ნაჩაფრალი“. ქართველთა უმრავლესობამ თავისი გაიტანა და ამოჩეულ იქმნა ილიკო „ნაჩაფრალი“. არცერთი ზემოთ დასახელებული საზოგადოება არარის თანახმა არჩევნებისა და საჩივარს აპირობენ, სადაც ჯერ არს.
საწყალი სოფლის სამკითხველო! ძლივას ფეხი აიდგა, მაგრამ მალე ხელიდამ ჭოჭინა გამოაცალეს და ჩვილი ბაღანა ძირს დაეცა... დაეცა, დაუფჩენია პირი, თვალებიდამ ღაპა-ღუპით ცრემლი სდის ცხვირიდამ ლორწო და პატრონი-კი არავინა ჩნდება, რომ თვალ-ცხვირი მოსწმინდოს და ჭოჭინა ისევ ხელში მისეს. იქნება ფეხის სახსრები გაუმაგრდეს როგორმე და ტატაობის მაგიერ, უჭოჭინოთ სიარული დაიწყოს. წევრებმა ქვა-გუნდა მოაყარეს სამკითხველოს კარებს და თავიანთი ბახალა ბუს მიუგდეს, დიდი თავი გაქვს და იტირეო. შარშან ცალკე საკუთარი სახლი უნდა აეშენებინათ. წევრებზედ ფულიც გაიწერა. ერთმა მათგანმა სამკითხველოს შენობისათის ალაგი შესწირა, „კომისიაც“ დაინიშნა, მაგრამ ხო მოგეხსენებათ ყველა ჩვენებური საქმე „კომისიებათ“ იყოფა. და ჩვენი სოფლის სამკითხველოც ხომ ქართველური რამეა!.,, - წერს გაზეთი ,,ივერია"