„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს„ გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა ვლადიმერ( ლადო) ხინჩეგაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს „ გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა ვლადიმერ( ლადო) ხინჩეგაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი გორის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში( ატენი, ბოშური , ლევიტანა) იმყოფებოდა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ადგილობრივებს მუნიციპალიტეტისა და კონკრეტულად ტანას ხეობის განვითარების საკუთარი ხედვები გაუზიარა .მოსახლეობამ მერობის კანდიდატთან სოფლებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა . შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნული პრობლემების დროულად და ეფექტურად მოგვარებაზეც იმსჯელეს.
„ დღეს ვიმყოფებოდი ტანას ხეობის სამ სოფელში. შევხვდი ადგილობრივებს, რომლებმაც განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მიმიღეს , რისთვისაც უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო.
შეხვედრებისას გამოიკვეთა ის პრიორიტეტული საკითხებიც , რომელთა დროულად მოგვარებაც ადგილობრივებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საუბარია სასმელ წყალზე და საგზაო ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, რომელთა მოგვარებისთვის დაწყებული სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს.
ჩვენს მუნიციპალიტეტში ტანას ხეობა ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია და შესაბამისად , ამ ხეობის ტურისტული პოტენციალი უსაზღვროა . ჩემი მერობის შემთხვევაში მაქსიმალურს გავაკეთებ , რათა ტანას ხეობა როგორც ადგილობრივი , ასევე უცხოელი ტურისტებისთვის მიმზიდველი გახდეს. ამისთვის კი მოსახლეობის ნდობა და მხარდაჭერაა საჭირო.
ჩემთვის არ არსებობს ის ბარიერები, რომლებიც მოსახლეობას დამაშორებს . მივალ თითოეულ სოფელში , თითოეულ ოჯახში და ერთად დგომით შევქმნით უკეთეს ხვალინდელ დღეს“ -განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა
"ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს " გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრებს , "ქართული ოცნებიდან " ქვახვრელის , ბოშურის ხიდისთავისა და ატენის ადმინისტრაციულ ერთეულში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბორის გოგიჩაიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.