,,გვევალება უკრაინელი ხალხის ტკივილის არა მხოლოდ გაზიარება“ - ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს წარმოთქმული სიტყვის დროს ყურადღება გაამახვილა ევროინტეგრაციის გზაზე უკრაინის როლსა და არსებულ გამოწვევებზე. მან საკუთარ, მთავარსარდლის სიტყვაში გაიმეორა, რომ უკრაინა დღეს იცავს საქართველოს და ევროპის თავისუფალ მომავალს.
"უკრაინის ომი, შუაგულ ევროპაში, გვახსენებს საქართველოს მიერ არაერთხელ ამ საუკუნეებში განვლილი ომებს და ტრაგედიებს. სწორედ იმიტომ, რომ ვიცით რა ფასი უჯდება ქვეყანას ამგვარი თავდადება, ჩვენ გვევალება უკრაინელი ხალხის ტკივილის არა მხოლოდ გაზიარება, არამედ მათ მიმართ ტოტალური სოლიდარობა. ჩვენ ვიცით სოლიდარობის ძალა და ამის ნიშანია, ის რომ ქართული საზოგადოება ყველა შესაძლო ფორმით გამოხატავს ამ სოლიდარობას.
ისიც კარგად გვესმის, რომ ევროპისკენ ინტეგრაციის აჩქარებული პროცესი, უკრაინელი ხალხის დამსახურებაა, მათი სისხლისა და ტანჯვის. უკრაინამ გაიარა საოცარი ბრძოლები, მისმა მეომრებმა მსოფლიოს აჩვენეს მამაცობის, თავდადებისა და გამძლეობის მაგალითი", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.