გორის მერი ,,TV პირველს" პასუხობს
,,ტვ პირველის" ინფორმაციით, კოტე თავზარაშვილი ტროტუარებისთვის განკუთვნილი ფილების დაგებას საკუთარ ეზოში გეგმავს. ტელევიზიის ცნობით, სამშენებლო მასალა გორის მერმა ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან, ე.წ. ,,ატკატის" სახით მიიღო. ფაქტს ეხმაურება გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი ამტკიცებს, რომ ტვ პირველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია და მედიასაშუალებისგან, ბოდიშის მოხდას ითხოვს, თუმცა ქალაქის პირველი პირი გავრცელებულ განცხადებაში არ აკონკრეტებს, საიდან მიიღო სახლში დასაწყობებული სამშენებლო მასალა. გორის მერი საკუთარ ფეისბუკის გვერდზე წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ,,ტვ პირველი" აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების გამო ბოდიშს არ მოიხდის, იგი სამართლებრივ დავას დაიწყებს.
,,დღეს აღნიშნულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა მორიგი ცრუ ინფორმაცია თითქოს, საკუთარი ეზოს მოპირკეთებას სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან “ატკატის” სახით მიღებული სამშენებლო მასალით ვგეგმავ.
ჟურნალისტი ურცხვად იტყუება და საზოგადოება მიზანმიმართულად შეჰყავს შეცდომაში.
ვითხოვ ბოდიშის მოხდას როგორც ტელეკომპანიისგან, ასევე სიუჟეტის ავტორისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, დავიწყებ სამართლებრივ დავას მათ წინააღმდეგ." - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.