ხაშურის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვალერი გელაშვილი "ოცნების" სასარგებლოდ კანდიდატურას ხსნის
ხაშურის მერობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი საკუთარ კანდიდატურას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ხსნის და წერს, რომ ქართულ პოლიტიკურ ველზე „ოცნების“ გარდა არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს.
„დღეს მივიღე გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ჩემი კანდიდატურა მოვხსნა. ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მივიღე, რომ მიმაჩნია, დღესდღეობით ქართულ პოლიტიკურ ველზე „ქართული ოცნების“ გარდა არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს. ამასთან, პირადად მე არანაირი უთანხმოება არ მაქვს „ქართული ოცნების“ გუნდთან და მსურს, ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება. ჩვენი ქვეყნის განვითარებას კი, დღეს დესტრუქციული პოლიტიკური ძალები, მოძალადეები, მატყუარები და მოღალატეები უშლიან ხელს, მუდმივად ცდილობენ სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანებას და დესტაბილიზაციის კერების გაჩენას, თუმცა ქართველი ხალხი ყოველთვის სწორ არჩევანს აკეთებს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც, ამ ძალებს საკადრის პასუხს გასცემს“, - წერს ვალერი გელაშვილი სოციალურ ქსელში.