და მაინც, რა სურთ ქალებს? - ლია ჩლაჩიძე სოფლად მცხოვრები ქალების საჭიროებებზე სოციალურ ქსელში წერს



და მაინც, რა სურთ ქალებს? - ლია ჩლაჩიძე სოფლად მცხოვრები ქალების საჭიროებებზე სოციალურ ქსელში წერს

ლია ჩლაჩიძე სოფლად მცხოვრები ქალების საჭიროებებზე სოციალურ ქსელში წერს :

,,დღეს სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეა. 

არსად არ ეძიო, ვერავინ გაგაძლიერებს, შენი სიძლიერე ისევ შენშია...

ქალებო, გოგოებო გაძლიერდით!

საფიქრალად...🤔🤔🤔

რა სურთ ქალებს ?

ცოტა ხნის წინ,ისრაელის ომის სურათი ამომიგდო ფბ-მ.

ფეხშიშველი, ცრემლიანი ახალგაზრდა ქალი, გულზე მიხუტებული თოთო ბავშვით , კარებს უკან მიყუჟული, შვილის გადასარჩენად.

ჩვენი ომი გამახსენდა...

თვალწინ დამიდგა სურათი ,როცა 8 აგვისტოს,ღამით,განწირულად იბომბება სოფელი ერგნეთი,

სარდაფის ერთ კუთხეში საცოდავად მჯდარი ჩემები. თამრიკო,ჩემი რძალი,მუხლებზე მდგარი ,

მთელი ღამე ღვთისმშობლის დაუჯდომელს კითხულობს,გადარჩენას ევედრება დედაღვთისას...

მეორე წელია პანდემიამ მოიცვა მსოფლიო.

ამოტრიალდა ,თავდაყირა დადგა დედამიწა.

ბევრი დიდებული ადამიანი შეიწირა კორონამ. ჩემი ძვირფასი მეგობრები....

დიდი კაცებიც...საქართველო რომ ლოცულობდა მათზე...

ყველა გულამოსკვნით დავიტირე.

სათითაოდ.

სხვა ვერაფერი შევძელი,თავად უძლურმა.

მერე დედაც წავიდა...სულ მთლად დავცარიელდი.ცრემლიც გამომელია...იმდენი სიკვდილით დაგროვდა ბევრი ტკივილი...

მეგონა ,ვეღარ ვიტირებდი,ან ვიღა შეიძლებოდა მეტირა,მაგრამ სადა ხარ !

ძალიან სათნო,კეთილი თვალებით ,სევდით სავსე თავსაფრიანი დედის სურათი დადო ფბ-ზე ვიღაც მადლიანმა.

აგვისტოს ომში დაღუპული კუმისელი სამხედრო ექიმის,ზურა ბეგიაშვილის დედა,სკოლის მასწავლებელი,

რომელსაც 1000 ლარიანი დახმარება დაუნიშნეს შვილის გამო,მოსვენებადკარგული,

თვითონ დასახმარებელი, გაჭირვებულთა დახმარების ფონდს არეგისტრირებს .

თავი ვერ შევიკავე,მოვკვდი ტირილით.

საოცარ ისტორიებს ქმნიან საოცარი ქალები,რომლებიც ჩუმად ცხოვრობენ ჩვენს გვერდით...

მე კი ძალიან მინდა ამ ქალების ისტორიები დავწერო,ძალაუნებურად ომის მონაწილეები რომ აღმოჩნდნენ.დავწერო,

როგორ იქცნენ ჩვეულებრივი ქალები ომის ქალებად .

რას განიცდიან,რაზე ფიქრობენ,რას იხსენებენ და რისი გახსენება აუკრძალეს საკუთარ თავს.

და მიუხედავად ყველაფრისა,მაინც აგრძელებენ ცხოვრებას.

შრომობენ,იბრძვიან.

ყველაზე მეტად ჩვენს რეგიონში მცხოვრები სოფლის ქალების მხარდაჭერაზე ვფიქრობ.

პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გაუჭირდათ ჩაკეტილ სივრცეში ცხოვრება,

მარტო დარჩნენ პრობლემების პირისპირ,ფსიქოლოგიურად დაითრგუნენ.

კარგი იქნება სახელმწიფო და ფეხზე მყარად მდგარი არასამთავრობო სექტორი(გამონაკლისების გარდა )სოფლის

ქალების სწავლა-განათლებით რეალურად დაინტერესდნენ.რადგან ამ სოფლებში არაფორმალური განვითარებისათვის არანაირი რესურსი არ არსებობს.

მაგ.ციფრული ტექნოლოგიების ათვისება.

სოფლის ქალებს წარმოდგენა შეექმნებათ,რას გულისხმობს რეკლამირება სოციალურ ქსელში,

როგორ შეიძლება შენი შრომით და წვალებით მოწეული პროდუქტი გაყიდო სახლიდან გაუსვლელად ,ინტერნეტის საშუალებით.

მაგრამ სადაა ინტერნეტი?

იმისათვის,რომ არაფორმალური განათლება მიიღო,არ უნდა გჭირდებოდეს ბრძოლა.

ბრძოლა ოჯახში,საკუთარ თავთან,რასაც დიდი ენერგია ეწირება და საბოლოოდ ბრძოლის ჟინიც გიქრება.

სოფლის ქალები ,ასაკის მიუხედავად,ხალისით ესწრებიან ტრენინგებს,მით უმეტეს ,თუ პროფესიის შეცვლა გადაწყვიტეს.

მაგ.ფილოლოგი,რომელიც ვერ დასაქმდა სკოლაში,რადგან ბევრი წელი რიგს ელოდება,

ფეხს ვეღარ უწყობს სიახლეებს ,თანდათან იძირება ყოველდღიურ რუტინაში

.ქალებს კი სურთ შეიცვალონ და შეცვალონ გარემო,შეიძინონ ახალი ცოდნა და დასაქმდნენ.

ძალიან ბევრი ქალი,საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ცხოვრობს და მერწმუნეთ,ძალიან რთულია

მათი ცხოვრების ყოველდღიურობა. მუდმივად დაძაბული,მობილიზებული ,პასუხისმგებელი საკუთარ და სხვის სიცოცხლეზე...

პრობლემებს კი რა გამოლევს?

მიტოვებული სახლები,საზღვარგარეთ საშოვარზე წასული ქალები,ახალგაზრდების მიგრაცია,პენსიის და შემწეობის

ლოდინი...სკოლის შფოთვა,გაიხსნება თუ არა პირველი კლასი,რადგან ბავშვების გამჩენი აღარავინაა...

ქალების ეკონომიკური გაძლიერება ...ამას გვიჩიჩინებს ყველა,ვისაც არ ეზარება...

ქალების ეკონომიკური დამოუკიდებლობა მინიმუმამდეა დაყვანილიდა ისინის ბრმად ემორჩილებიან იმ სტანდარტებს,

რაც საზოგადოებამ დაუწესა; არადა რამდენი რესურსი იხარჯება ქალების ეკონომიკური გაძლიერებისათვის.

განსაკუთრებული მხარდაჭერა სოფლად მცხოვრებ ქალებს სჭირდებათ.

არც კი ვიცი შიდა ქართლის მასშტაბით თუ არსებობს ფერმერ ქალთა გაერთიანება.

ოკუპირებულ ზოლთან მიმდებარე ტერიტორია ვერც კერძო ბიზნესის საწარმოებლადაა უსაფრთხო და მიმზიდველი.

მიმდებარე სოფლებში ვერ ნახავთ გამართულ აფთიაქებს,მაღაზიებს ან საწარმოებს,რომლებაც ქალები ხელმძღვანელობენ

ან დასაქმებული არიან. სამაგიეროდ ყველა სოფელშია წამოჭიმული გამოუყენებელი,

უფუნქციო რიტუალების დარბაზები,რომლებშიც უამრავი ფულია ჩაყრილი.

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალები დიდხანს იბრძოდნენ იმისათვის,რომ ხელისუფლებას შესაბამისი სტატუსი გამოეძებნა

იმ ადამიანებისათვის,ვინც ყოველდღიური შიშით ცხოვრობს,მაგრამ ამაოდ.

და მაინც...რა სურთ ქალებს?

არიან თუ არა ისინი საკმარისად რეალიზებული,კომფორტულია თუ არა მათთვის ის გარემო,

რომელშიც ცხოვრობენ,როგორ იცავს კანონი მათ უფლებებს,როგორია მათი მონაწილეობა პოლიტიკაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში...

მე მინდა სახელმწიფო იდგეს ქალების სადარაჯოზე!

თუმცა...რა ვიცი,რა ვიცი,რას გაუგებ ქალებს?“ - წერს ლია ჩლაჩიძე

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ