გორში საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
CENN, ევროკავშირისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და საზოგადოება “ბილიკთან” პარტნიორობით, 30 დეკემბერს, 14:00 საათიდან, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან, ადგილობრივი სოციალური მეწარმეების საახალწლო გამოფენა-გაყიდვას გამართავს.
გამოფენა-გაყიდვის მიზანი გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერა და მათი საქმიანობის პოპულარიზაციაა. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 20-მდე ადგილობრივი მეწარმე, რომლებიც გამოფენენ ხელნაკეთ და სხვა ტიპის ნივთებს საშობაო და საახალწლო თემატიკაზე.
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, სტუმრებს შეეძლებათ მოიტანონ მეორადი ტანისამოსი, რომელიც, ღონისძიების დასრულების შემდეგ, გადაეცემა გორში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ადამიანებს.
ღონისძიება ინიცირებულია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი რეგიონალური პროექტის "EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან KRDF (საქართველო) და Green Lane NGO (სომხეთი) ერთად. პროექტის მიზანია საქართველოში და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის განვითარება, სოციალური მეწარმეობის და მწვანე ინოვაციების მიმართულებით მათი უნარ-ჩვევების გაძლიერება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.
მისამართი: გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო, სტალინის ქ. 16.