პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას უკვე 13-18 წლის გოგოებსაც გაუკეთებენ უფასოდ
საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაციას უკვე 13-18 წლის გოგოებსაც გაუკეთებენ. აცრა უფასო იქნება. ამ ინფორმაციას დაავადებათა ეროვნული ცენტრის იმუნოპროფილაქტიკის სამმართველოს უფროსი ლიკა ჯაბიძე ავრცელებს.
მისივე ცნობით, ასაკობრივ ჯგუფებში შემდეგი სქემა იმოქმედებს:
"15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით;
15-18 წლის ასაკობრივ ჯგუფში სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე".
უკვე რამდენიმე წელია, 10, 11 და 12 წლის გოგოებს უფასოდ უკეთებენ აცრას თბილისში, იმერეთსა და აჭარაში. მათ შემთხვევაში აცრა ორდოზიანია და მინიმალური ინტერვალი 6 თვეა.
NCDC-ის ცნობით, ქვეყანაში ყოველწლიურად საშუალოდ 200 ქალი იღუპება საშვილოსნოს ყელის კიბოთი, რაც კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 2,7%-ს შეადგენს. საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობა ქალთა შორის მესამე ადგილზეა ძუძუს და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემდეგ.