,,როგორც ხელმძღვანელმა ყველაფერი ვიცი“ - როდის დაარღვევს დუმილს დავით დარბაიძე და რა იცის მან ტოტალიზატორში გადარიცხულ ფულზე
,,როგორც ხელმძღვანელმა ყველაფერი ვიცი“ - ასე პასუხობს ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე, დავით დარბაიძე ,,ტვ მონიტორინგის“ ჟურნალისტს კითხვაზე, რა დამატებით დეტალებს ფლობს ბიუჯეტიდან მოპარულ ასი ათასობით ლარის საქმეზე. დარბაიძე დეტალბზე არ საუბრობს და ამბობს, რომ ინფორმაცია რომელსაც ის ფლობს ჯერ არ იტყვის, რადგან შესაძლოა ამან გამოძიებას ხელი შეუშალოს.
,, მე ინფორმაციას რასაც ვფლობ, ეს უკვე დეტალებია და არ მინდა გამოძიებას ხელი შეეშალოს“ - თქვა დარბაიძემ.
იგი ამ დრომდე ელოდება შესაბამისი უწყებიდან გამოკითხვაზე დაბარებას. დარბაიძე ფიქრობს, რომ მისით საგამოძიებო უწყება აუცილებლად დაინტერესდება.
,,ალბათ დამიბარებენ. საგამოძიებო უწყებებს მივაწვდი ინფორმაციას, თუმცა ამ შემთხვევაში მე დუმილს ვამჯობინებ. იმიტომ, რომ ეს არის დეტალები, რომელიც საქმის სწორად წარმართვას ხელს შეუშლის“ - იმეორებს დარბაიძე, თუმცა რას გულისხმობს დეტალებში არ ამბობს.
ცნობისთვის, გორის მერიის ბუღალტერი, რომელიც აზარტული თამაშებით იყო გატაცებული, დაკავებულია. სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა ლეილა წკრიალაშვილი გასულ ღამეს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საკუთარ სახლში დააკავეს. გამოძიება მას სახელმწიფოს კუთვნილი სახსრების უკანონოდ მითვისებას ედავება. წკრიალაშვილს ჯერჯერობით 150 ათას ლარამდე თანხის მითვისება უდგინდება, თუმცა არ არის გამორიცხული თანხის რაოდენობაც გაიზარდოს და ბრალდებულ პირთა წრე.