,,ჩემი შვილი მოკლეს„ – გარდაცვლილი 18 წლის ბიჭის მშობლები გორში აქციას მართავენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი, თორნიკე მერებაშვილის მშობლები, ახლობლები და თანასოფლელები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ქალაქის საკრებულოს წინ შეიკრიბნენ. გარდაცვლილი ბიჭის მშობლები ირწმუნებიან, რომ მათი შვილი ავტოავარიის შედეგად არ დაღუპულა, იგი სასიკვდილოდ დაჭრეს, რის შემდეგაც ავარიის ინსცენირება მოხდა. მერებაშვილები დამნაშავეების მფარველობაში სხვადასხვა უწყებების მაღალჩინოსნებს ადანაშაულებენ. ცნობისთვის, მომხდარზე 2019 წლის თებერვალში შინაგან საქმეთა სამინისტრომ თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების საქმეზე 50 წლის მამაკაცი დააკავა. მას ბრალად ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა ედება. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული 2018 წლის 6 ივლისს, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის გზაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მან ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დაცვა და 1999 წელს დაბადებულ პირს - თორნიკე მერებაშვილს შეეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. აღნიშნული ვერიის არ სჯერათ მერებაშვილებს და ამიტომ ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავე პირების დასჯას კიდევ ერთხელ მოითხოვენ.