ივლისიდან შესაძლებელია პური 20-25 თეთრით გაძვირდეს - სუბსიდიის პროგრამას ვადა გასდის



ივლისიდან შესაძლებელია პური 20-25 თეთრით გაძვირდეს - სუბსიდიის პროგრამას ვადა გასდის

ივლისიდან შესაძლებელია პური 20-25 თეთრით გაძვირდეს. როგორც კომპანია „დია ამოს“ ხელმძღვანელი ამბობს, მხოლოდ გაზის და ფქვილის სუბსიდირება ვერ შეაკავებს ფასების ზრდას.

მისივე თქმით, შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას სუბსიდია არ შველის და სუბსიდიის თანხაც საკმარისი არ არის

„პურის ქარხნები რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში არიან. საფუარი, მარილი, შესაფუთი მასალები, დისტრიბუცია – ყველაფრის ფასი გაზრდილია. ლოგიკურია, თუ პურის ფასი არ გაიზრდება, საბოლოდ განწირული იქნება ეს ბიზნესი. შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას სუბსიდია არ შველის და სუბსიდიის თანხაც საკმარისი არ არის. 1 კილოგრამ პურზე 40-50 თეთრით აიწევს ფასი, შესაბამისად საცალო პროდუქტი 20-25 თეთრით გაძვირდება.

ფქვილი არ არის მხოლოდ პურის შემადგენელი, ყველაფერზე ფასი მომატებულია, 6-7 დოლარით ტონა ხორბლის გაიაფება ამინდს არ ქმნის. ფასებს გადავხედავთ, როცა გვეცოდინება იქნება თუ არა ისევ ფქვილის სუბსიდირება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პურის ფასი სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება, რომელიც გაძვირდა. მხოლოდ გაზის და ფქვილის სუბსიდირება ვერ შეაკავებს ფასების ზრდას. კარგი საქმე გაკეთდა, მაგრამ მუდმივად სუბსიდირების გაგრძელება შეუძლებელია“, – აცხადებს გიორგი დოლიძე.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ 4 თვის განმავლობაში პურის გაძვირების თავიდან ასაცილებლად ფქვილის სუბსიდირებისთვის 8 მილიონი ლარი დახარჯა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ