გორის მუნიციპალიტეტში დაძაბულობაა - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კი შვებულებაში



გორის მუნიციპალიტეტში დაძაბულობაა - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კი შვებულებაში

გორი-ატენის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი ისევ პარალიზებულია. გზის გახსნას ადგილობრივები იქამდე არ აპირებენ, ვიდრე მათთან შესახვედრად მუნიციპალიტეტის მერი არ მივა და პრობლემას ადგილზე არ გაეცნობა. ადგილობრივების პროტესტი გზის რეაბილიტაციამ გამოიწვია, რომელიც უკვე 1 წელია მიმდინარეობს და ჯერ დასასრული არ უჩანს.

,,ჩვენ ველოდებით გორის მერს, რათა გვითხრას როდის დასრულდება გზის რეაბილიტაცია“- გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

სოფელ ატენის მსგავსად ხმაურია გორშიც. იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები საქმიანობის გაგრძელებას ცდილობენ. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, რომელიც მოვაჭრეებს საქმიანობის საშუალებას არ აძლევს. თვითდასაქმებულები გორის მერთან შეხვედრას ისე ითხოვენ.

,,ჩვენ გვინდა მერთან შეხვედრა, რადგან ვთხოვოთ, რომ მოგვცეს გარკვეული დრო პროდუქციის გასაყიდად. გვინდა, რომ მოგვისმინოს და შევიდეს ჩვენს მდგომარეობაში“ - ამბობს გარემოვაჭრე.

გორის მერი დღეს არც ატენელებს და არც გარემოვაჭრეებს არ შეხვდა. როგორც ვლადიმერ ხინჩეგაშვილის პირველმა მოადგილემ განაცხადა, მერი შვებულებაშია თუმცა კონკრეტულად სად იმყოფება არ გაგვიმხილა.

,,მერი შვებულებაშია და ამიტომ ვერ მოვიდა თქვენთან შესახვედრად“ - ასე უპასუხა გარემოვაჭრეებს თამაზ შიოშვილმა.

გარემოვაჭრეებისა და ატენელების პროტესტი ისევ გრძელდება.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ