მეუფე გრიგოლი „პრაიდზე“ - მე არ მომწონს, მაგრამ ჩემი არმოწონება არაფერს ნიშნავს, ვიღაცას მე არ მოვწონვარ და რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ?!



მეუფე გრიგოლი „პრაიდზე“ - მე არ მომწონს, მაგრამ ჩემი არმოწონება არაფერს ნიშნავს, ვიღაცას მე არ მოვწონვარ და რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ?!

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა, საკვირაო წირვა-ლოცვა დღეს ფოთის საკათედრო ტაძარში ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოს, მეუფე საბასთან ერთად ჩაატარა. მსახურების დასრულების შემდეგ მეუფე გრიგოლმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები მიმოიხილა. მათ შორის „თბილისი პრაიდის“ საკითხსაც შეეხო.

„საერთოდ, ადამიანები პასუხისმგებლები არიან იმაზე, რასაც სჩადიან და სახელმწიფო იმისთვის არის, რომ პასუხი მოსთხოვოს ადამიანებს, ვინც კანონს ფარგლებს გადავა. ეკლესია სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციას საკუთარ თავზე ვერ აიღებს. სამწუხაროდ მოხდა ისე, არ ვიცი ეს შემთხვევით თუ განგებ, რომ ეკლესია აღმოჩნდა სწორედ ამ მოცემულობაში, როდესაც ის ფუნქცია,რაც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს, რატომღაც ეკლესიის გადასაწყვეტი გახდა. სინამდვილეში, ეკლესია არ არის ამ ფუნქციით დატვირთული. ეკლესიის მისია არის, დაამოწმოს ქრისტე მაცხოვარის მსხვერპლშეწირვითი ღვაწლი და მომავალი სასუფევლის შესახებ უქადაგოს ადამიანებს, მისცეს მაგალითი სიტყვით, საქმით. ჩვენს ხელში ყველაზე ძლიერი იარაღია- სიტყვა“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

კითხვაზე, უნდა მიეცეთ თუ არა „პრაიდის“ მონაწილეებს კვირეულის ჩატარების შესაძლებლობა, მეუფე გრიგოლი აცხადებს, რომ ეს სახელმწიფოს გადასაწყვეტია.

„მე არ მომწონს, მაგრამ ჩემი არმოწონება არაფერს ნიშნავს. ვიღაცას მე არ მოვწონვარ და ახლა რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ. ეკლესიის სახელით, საერთოდ, საუბრობს წმინდა სინოდი. ამ შემთხვევაში, საპატრიარქოს განცხადებების უკან, უშუალოდ პატრიარქი დგას, მღვდელმთავართა რაიმე ჯგუფი, თუ რომელიმე სამოქალაქო საზოგადოება, ვერ გეტყვით, წარმოდგენა არ მაქვს“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ