სიჩქარის გადაჭარბება, დრიფტზი, მინების დამუქება და სხვა - ჯარიმები მძღოლებს
საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.
შსს-ს ცნობით, კანონპროექტები, რომლებიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებს შეეხება, პარლამენტმა მესამე მოსმენით, 77 ხმით მიიღო.
- იზრდება სანქციები სიჩქარის გადაჭარბებაზე. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, 150 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
- წესდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ავტომობილის განზრახ მოცურებისთვის/მოსრიალებისთვის ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელებისთვის (დრიფტი). სანქციად განსაზღვრულია ჯარიმა 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების 30 ქულით შემცირება, ხოლო თუ მას მოჰყვა ზიანი, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების 35 ქულით შემცირებას. „დრიფტისთვის“ პასუხისმგებლობა არ დადგება იმ შემთხვევაში, როდესაც ქმედება ჩადენილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისას.
- ხდება სასჯელის დიფერენცირება სატრანსპორტო საშუალების მინების დამუქების პროცენტულობის მიხედვით: თუ მინების დამუქება არაუმეტეს 10 %-ით აღემატება დადგენილ ნორმებს, სანქცია იქნება 100 ლარი და მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების 5 ქულით შემცირება, თუ მინების დამუქება 10 %-ზე მეტით აღემატება დადგენილ ნორმებს – ჯარიმა 500 ლარი და მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების 10 ქულით შემცირება. ამასთანავე, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის დაყენების ან/და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისთვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენებისთვის სანქცია, 200 ლარის ნაცვლად, იქნება 2 000 ლარი.
- დგინდება პასუხისმგებლობა ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონე აღემატება დადგენილ ნორმებს. სანქციის სახედ წესდება ჯარიმა 100 ლარი და მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების 10 ქულით შემცირება. ხმაურის დასაშვები ნორმები განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით, ხოლო ხმაურის დონის შემოწმების წესი განისაზღვრება შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
- არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან/და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების ან/და კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი დაცვა-გაცილების გარეშე, 100 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. თუ აღნიშნულ ქმედებას მოჰყვა ზიანი, აღნიშნული გამოიწვევს ჯარიმას 2 000 ლარის ოდენობით.
- სატრანსპორტო საშუალების მართვა წყვილი სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, სხვა სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნით ან შენიღბული ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით დაჯარიმდება 2 000 ლარით.
- დარეგულირდა უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ გამოტანილი საჯარიმო ქვითრის ჩაბარების წესი. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ გამოტანილი საჯარიმო ქვითარი საჯაროდ გამოქვეყნდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საჯარიმო ქვითარი უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს შესაძლოა, ჩაბარდეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის დროსაც. ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, უცხოელს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში კვლავ შემოსვლაზე.
- ვიდეოჯარიმების მსგავსად, განისაზღვრება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების ჩაბარების წესი, რომლითაც შემცირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების ჩაუბარებლობის შემთხვევები.
კანონი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს ამოქმედდება, ხოლო ხმაურთან დაკავშირებული რეგულაციები ძალაში 2024 წლის 1 იანვრიდან შევა.