28 მუნიციპალიტეტიდან საახალხლო ღონისძიებებისთვის ყველაზე მეტს, გორის მერია დახარჯავს
ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 28 მუნიციპალიტეტი საახალწლოდ, თითქმის 5 მილიონ ლარს დახარჯავს უტენდეროდ, რისი მიზეზიც მთავრობის გვიანი განკარგულებაა.
ორგანიზაცია წერს, რომ საქართველოს მთავრობამ "საახალწლო და მიმდინარე წლის შემაჯამებელი ღონისძიებების ორგანიზების შესახებ განკარგულება 29 ნოემბერს გამოსცა. მთავრობამ ახალი წლის ღონისძიებების გამართვა 68 მუნიციპალიტეტს დაავალა.
"ფლანგვის დეტექტორი" წერს, რომ მუნიციპალიტეტები წლიდან წლამდე ათასობით ლარს ხარჯავენ საახალწლო დღესასწაულების გამართვაში, ხშირად ისინი ხელშეკრულებებს არა ელექტრონული ტენდერების, არამედ გამარტივებული შესყიდვის გზით აფორმებენ. წელს მუნიციპალიტეტები გამარტივებული შესყიდვის გამოცხადებას იმით ხსნიან, რომ საქართველოს მთავრობამ "საახალწლო და მიმდინარე წლის შემაჯამებელი ღონისძიებების ორგანიზების შესახებ" განკარგულება 2022 წლის ნოემბერში გამოსცა, შესაბამისად, ისინი წინასწარ ვერ დაგეგმავდნენ საახალწლო ღონისძიებებს.
"საინტერესოა ის ფაქტი, რომ ახალი წელი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება, შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ის გარემოება, რამდენად მოულოდნელი იყო მუნიციპალიტეტებისთვის წლის შემაჯამებელი ღონისძიებების ორგანიზება, რამაც მათ ხელი შეუშალა უფრო გამჭვირვალე გზით, ელ.ტენდერების მეშვეობით გაეფორმებინათ ხელშეკრულებები", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
გარდა ამისა, ფლანგვის დეტექტორმა შეისწავლა საქართველოს 28 მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული გამარტივებული შესყიდვები, რომელთა მიზანი საახალწლო ღონისძიების ორგანიზებაა. კვლევის თანახმად, მუნიციპალიტეტები საერთო ჯამში 4,684,470 ლარს ხარჯავენ.
ამ თანხიდან ყველაზე მეტს გორის მუნიციპალიტეტი ხარჯავს, საახალწლო ღონისძიება მუნიციპალიტეტს 358,553 ლარი უჯდება. გორს მოსდევს თელავის მუნიციპალიტეტის მერია, რომელიც დღესასწაულს 290,645 ლარად მართავს. მესამე ადგილს კი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი იკავებს 241,448 ლარით.
"უკვე ტენდენციად ჩამოყალიბდა გამარტივებული შესყიდვების გზით ისეთი დღესასწაულების დაორგანიზება, რომლებიც ყოველწლიურად იმართება და შეუძლებელია თბილისის მერიას ან რომელიმე მუნიციპალიტეტს რამდენიმე თვით ადრე არ ჰქონოდა იმის მოლოდინი, რომ წლის ბოლოს საახალწლო ღონისძიება იქნებოდა დასაორგანიზებელი.
თავად შესყიდვის გამოცხადების დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ღონისძიება ატარებს სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ მნიშვნელობას, ვინაიდან ახალი წლის დღესასწაული არის წლის მთავარი მოვლენა, ყველაზე მასშტაბური საზეიმო დღესასწაული, რომელიც მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით უკვე მეორე წელია ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში აღინიშნება სხვადასხვა საზეიმო შოუ-პროგრამებითა და ღონისძიებებით.
შესაბამისად ამ ფონზე, როდესაც არსებობს მთავრობის დადგენილი პრაქტიკა ახალი წელი ქვეყნის მასშტაბით აღნიშნოს, გამარტივებული შესყიდვის წესების გამოყენება კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს ბადებს", - წერს ორგანიზაცია.