ბერშუეთში დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ - საოკუპაციო ხაზთან ერთმანეთს ადგილობრივებმა და სპეცრაზმელებმა სცემეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში, შსს-ს თანამშრომლებსა და ადგილობრივებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებულთაგან ორ პირს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სპეცრაზმელებზე თავდასხმას ედავებიან. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2 კი, დაკავებულია საქართველოს სსკ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, პოლიციელის, კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს და დანაშაული ჯარიმას, ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. როგორც ბრალდებულების ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნოდარ ცინცაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები მომხდარის გამო ბოდიშს იხდიან, თუმცა, არ ეთანხმებიან სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. მისსავე განმარტებით ,, ბერშუეთში მცხოვრები ერთი პირი სოფელში მდებარე საგუშაგოს სიახლოვეს გადაადგილდებოდა ავტომობილით, რომელიც იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, საგუშაგოზე მყოფმა პირებმა ანიშნეს, რომ ავტომობილი გაეჩერებინა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა გადასძახა - ხომ მიცნობთ, რომ აქაური ვარ, რატომ მაჩერებინებთო. ამას მოჰყვა უთანხმოება, შემდეგ მისახმარებლად მივიდნენ სხვებიც. ფაქტობრივად, მოხდა ჩხუბი, რა დროსაც ორივე მხარემ მიიღო სხეულის დაზიანებები. ჩემის დაცვის ქვეშ მყოფ ორივე პირს აღენიშნება სხეულის დაზიანებები, რის გამოც მოვითხოვე კომისიური სამედიცინო ექსპერტიზა“ - განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, შემთხვევა ორი დღის წინ, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთში მოხდა, სადაც ერთმანეთი ადგილობრივებმა და სპეცრაზმელებმა სცემეს. შსს-ს მიერ საგულდაგულოდ დამალული ფაქტი ექსკლუზიურად ,,ტვ მონიტორინგმა“ გაავრცელა.