ხაშურის, ქარელის, კასპის მიერ სახელმწიფო შესყიდვების პროცესში სადავო პირობის გამოყენების ფაქტი დადგინდა - კონკურენციის სააგენტო
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე რეგიონული მუნიციპალიტეტის მიერ კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დაადგინა.
უწყების ცნობით, „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის“ საჩივრის საფუძველზე დაწყებული მოკვლევის ფარგლებში ასევე გამოიკვეთა დამატებით ექვსი მუნიციპალიტეტის - ხაშურის, ქარელის, კასპის, დმანისის, გარდაბნის და წალკის მიერ სახელმწიფო შესყიდვების პროცესში სადავო პირობის გამოყენების ფაქტი.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საკითხი ეხებოდა მუნიციპალიტეტების ფარგლებში ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევის მიზნით გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში კონკურენციის შემაფერხებელი სატენდერო პირობების გამოყენებას.
სააგენტოს პოზიციით, მოპასუხე მხარეების მიერ სადავო სატენდერო პირობების გამოყენებამ შექმნა ბაზარზე შესვლის მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ბარიერი, რამაც ეკონომიკური აგენტის საქმიანობის შეფერხება გამოიწვია.
მოკვლევის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების თანახმად, მუნიციპალურ ორგანოებს და სახელმწიფო შემსყიდველ სხვა ორგანიზაციებს დაევალათ - სატენდერო პირობების ფორმირების პროცესში უზრუნველყონ კონკურენციის პრინციპების დაცვა. მათ შორის, არ გამოიყენონ სატენდერო პირობა, რომელიც სასამართლოს აქტის საფუძველზე მოქმედი აკრედიტაციის პირობებში მყოფ ეკონომიკურ აგენტს ტენდერში მონაწილეობას შეუზღუდავს, მის მიმართ აკრედიტაციის სტატუსთან დაკავშირებული სასამართლო დავის/პროცესის არსებობის მიზეზით.