შემზარავი მკვლელობა ხაშურის სოფელ ალში - ბრალდებული დაკავებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული ი.კ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 24 აპრილს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1970 წელს დაბადებულ ჯ.ნ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ი.კ. ცხელ კვალზე დააკავა.
დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.