სპეციალური საგამოძიებო სამსახური ,,ტვ მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტს სწავლობს
,,ტვ მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტს სპეციალური საგამოძიებო სამსახური სწავლობს. უწყებიდან ჟურნალისტს და ოპერატორს უკვე დაუკავშირდნენ და როგორც აცნობეს, საქმეზე ყველა აუცილებელ საგამოძიებო მოქმედებას ჩაატარებენ.
როგოც მედიის წარმომადგენლები ამბობენ, საგამოძიებო სამსახურთან თანამშროლობას აპირებენ, რადგან შედეგი მალე დადგეს და მათზე მოძალადე პირმა პასუხი აგოს. მედიის წარმომადგენლები თვლიან, რომ მათზე განხორციელებული ძალადობის გამო შეეშალათ ხელი ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში.
ჟურნალისტების უფლებების და მათი პროფესიული საქმიანობის დაცვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ცნობისთვის, ,,2023 წლის 21 ივნისს, „TV მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს ჟურნალისტური საქმიანობის დროს თავს დაესხნენ. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, კლინიკა „გორმედში“ მოხდა.
სამედიცინო დაწესებულებაში ჟურნალისტი და ოპერატორი ადგილზე მოქალაქეების შეტყობინების შემდეგ მივიდნენ, რომლის მიხედვით, რეგისტრატურასთან საათობით რიგში დგომა უწევთ, რაც აფერხებს სამედიცინო მომსახურებას.
„TV მონიტორინგის “გადამღები ჯგუფი ვითარების გასარკვევად კლინიკაში მივიდა, რასაც კლინიკა „გორმედის“ დაცვის თანამშრომლის მხრიდან აგრესია მოჰყვა. თანამშრომლის მხრიდან იყო ტექნიკის დაზიანების მცდელობაც.