რუსული ტრენაჟორებით გმირთა მემორიალის ჩანაცვლებაზე კასპის მერია აღიარებს რომ მოსახლეობის ნაწილმა არაფერი იცოდა - უწყების განცხადება
რუსული ტრენაჟორებით გმირთა მემორიალის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით კასპის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც მაისურაძის უწყება აღიარებს, რომ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობის ნაწილმა არაფერი იცოდა. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმის, რომ ადგილობრივებმა გააპროტესტეს სოფელ ხოვლეს ცენტრში მდებარე 9 აპრილს დაღუპულთა და აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გივი მიქუტიშვილის ხსოვნის აღმნიშვნელი მემორიალური დაფების მათ უკითხავად აღება და მის ადგილას რუსული ტრენაჟორების დამონტაჟება.
,,კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს ცენტრში მდებარე სკვერი, რომელიც მოსახლეობის თავშეყრის ერთადერთი ადგილი და მოუწყობელი ტერიტორია იყო მუნიციპალიტეტის მერიამ ადგილობრივების თხოვნით სრულიად განაახლა და კეთილმოაწყო. პროექტის ფარგლებში აღდგენილ იქნა სკვერში არსებული ომის ვეტერანთა მემორიალიც.
სკვერის მოპირდაპირე მხარეს ღია სივრცეში განთავსებული იყო 9 აპრილს დაღუპულთა და აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გივი მიქუტიშვილის ხსოვნის აღმნიშვნელი მცირე მემორიალური დაფები.
ვინაიდან სკვერში ომის ვეტერანთა მემორიალიც აღდგა მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სამივე დაფა გადატანილი იყოს სკვერში, ხოლო არსებული ადგილი გამოყენებული ყოფილიყო სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, რომელსაც სოფლის ახალგაზრდები ითხოვდნენ.
მოთხოვნის შესაბამისად დაფები ამოღებულია აღნიშნული ადგილიდან და მოეწყობა სკვერში ომის ვეტერანთა მემორიალის მიმდებარედ, რომელიც არის შემოღობილი, დაცული და კეთილმოწყობილი.
ოპოზიციური ტელევიზიების მიერ აღნიშნული ფაქტი გამოყენებული იქნა ნეგატიურად, რამაც საქმის კურსში არმყოფი მოსახლეობის ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.“ - წერია კასპის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, კასპის მუნიციპალიტეტში გმირების მემორიალი მოშალეს, მის ნაცვლად კი, რუსული წარმოების ტრენაჟორები დადგეს, რის გამოც სოფელ ხოვლეს მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს. ისტორიული სოფლის მოსახლეობის პროტესტთან დაკავშირებით სიუჟეტი ,,ტვ მონიტორინგმა“ მოამზადა.