IRI: მოსახლეობის 73% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა
მოსახლეობის 73% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა - ამის შესახებ IRI-ის კვლევაშია საუბარი. კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს ევროკავშირში გაერთიანებას, პასუხები ასე ნაწილდება:
- სრულად მხარს უჭერს 73%;
- ნაწილობრივ მხარს უჭერს 13%;
- ნაწილობრივ ეწინააღმდეგება 3%;
- სრულად ეწინააღმდეგება 6%;
- არ იცის/უარს ამბობს პასუხზე 5%.
ამასთან, EU-ში საქართველოს გაწევრიანების მომხრეთაგან ყველაზე მეტი, 45% აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მოტანილი მთავარი სარგებელი "ეკონომიკის გაძლიერება" იქნება. 14%-ისთვის მთავარი სარგებელი "უსაფრთხოებაა", 14%-ს კი მთავარ სარგებლად "ქვეყნის განვითარება ესახება."
კითხვაზე, რა არის ყველაზე დიდი დაბრკოლება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ყველაზე მეტი, 27% "საქართველოში პოლიტიკურ არასტაბილურობას" ასახელებს; 17% - "საქართველოში შიდა წინააღმდეგობას;" 13% კი ფიქრობს, რომ "საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებები არ შეუსრულებია."
კითხვაზე კი, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:
- სრულად მხარს უჭერს 65%;
- ნაწილობრივ მხარს უჭერს 14%;
- ნაწილობრივ ეწინააღმდეგება 5%;
- სრულად ეწინააღმდეგება 11%;
- არ იცის / უარს ამბობს პასუხზე 6%.
აღსანიშნავია, რომ კითხვაზე, რა არის მთავარი სარგებელი, რასაც საქართველო NATO-ში გაწევრიანებისაგან მიიღებს, ყველაზე მეტი, კერძოდ 47% "უსაფრთხოებას" ასახელებს; 17% - "თავდაცვას;" 13% კი "ეკონომიკის გაძლიერებას."
ამასთან, კითხვაზე, რა არის ყველაზე დიდი დაბრკოლება საქართველოს NATO-ში გაწევრიანების გზაზე, ყველაზე მეტი, კერძოდ 27% "რუსეთის წინააღმდეგობას" ასახელებს; 20% - "ოკუპირებული რეგიონების სტატუსს;" ხოლო 14% - "საქართველოში პოლიტიკურ არასტაბილურობას."
ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევა 2023 წლის 14 სექტემბრიდან 14 ოქტობრამდე პერიოდში პირდაპირი გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული, ჯამში, საქართველოს 1 200 მოქალაქე გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი კი +/- 2.5%-ია.