გორში ოლიმპიელების მხარდამჭერი ბანერები გააკრეს - ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, გორის მუნიციპალიტეტიდან 4 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინიციატივით, გორში, სხვადასხვა ლოკაციაზე, ადგილობრივი ოლიმპიელების ბანერები დაიდგა.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც რამდენიმე დღეში დაიწყება, გორის მუნიციპალიტეტიდან ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო) და გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა) მიიღებენ მონაწილეობას.
ლაშა შავდათუაშვილისთვის ეს მესამე ოლიმპიადაა. მას 2012 და 2016 წლებშიც უასპარეზია ლონდონის და რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე და პირველ შემთხვევაში ოქროს, მეორედ კი ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.
მეორე ოლიმპიადა იქნება ტოკიოში, გენო პეტრიაშვილისთვის. პირველად მან, 2016 წლის თამაშებზე მიიღო მონაწილეობა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
მეორედ მიდის ოლიმპიურ თამაშებზე ვაჟა მარგველაშვილიც, პირველად მარგველაშვილი 2016 წელს რიოში გამოვიდა.
ტოკიოში ოლიმპიური დებიუტი ექნება გიორგი მუჯარიძეს. ამასთან, ის პირველი მძლეოსანია გორიდან, ვინც ოლიმპიურ თამაშებზე მიიღებს მონაწილეობას.