წამების აკრძალვის კომიტეტი საქართველოში ვიზიტის შემდეგ ანგარიშს აქვეყნებს
ევროპის საბჭოს წამების აკრძალვის კომიტეტმა საქართველოზე ანგარიში გამოაქვეყნა.
2025 წლის 21-22 იანვარს ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის კომიტეტის (CPT) დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციას შესაძლებლობა მიეცა შეეფასებინა 2024 წლის 29 ნოემბრიდან მიმდინარე დემონსტრაციებთან დაკავშირებით გლდანის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში (თბილისი) პატიმრობაში მყოფი პირების მოპყრობის პირობები.
დელეგაციამ ვიზიტის დროს შეხვედრა გამართა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის (SIS) ხელმძღვანელობასთან, რათა განეხილათ დემონსტრაციების დროს დაკავებული პირების მიმართ პოლიციის არასათანადო მოპყრობის შესახებ შეტყობინებებისა და ბრალდებების გამოძიების პროგრესი.
ქართული ოცნების მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას დელეგაციამ წარადგინა წინასწარი დაკვირვებები, რომლებიც 2024 წლის 18-29 ნოემბრის პერიოდული ვიზიტისა და მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში იყო მიღებული.
ამჟამად კი, ევროპის საბჭოს წამების აკრძალვის კომიტეტმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც მიუთითებს, რომ დელეგაციის წევრებს მრავლად მიეწოდა არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებები იმ პირებისგან, რომლებიც 2024 წლის 29 ნოემბერს თბილისში გამართულ დემონსტრაციებთან დაკავშირებით დააკავეს - ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გამოკითხულთა უმეტესობას აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები, ზოგიერთ შემთხვევაში - მძიმე დაზიანებები, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა.
ანგარიშში აქციის მონაწილეების მონაყოლზე დაყრდნობით საუბარია ქართული ოცნების პოლიციის მიერ დემონსტრანტების ძალადობრივად დაკავებაზე, მათ შორის, იდენტიფიკაციის ნიშნის მატარებელი პირების მხრიდან დაკავებებზე, დემონსტრანტების ცემის ფაქტებზე - კომიტეტი კვლავ იმეორებს რეკომენდაციას, საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს, რომ პოლიცია დაკავებისას მხოლოდ აბსოლუტურად აუცილებელ და პროპორციულ ძალას იყენებდეს.
ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ დაუშვებელია ძალადობის ნებისმიერი ფორმა იმ პირების მიმართ, რომლებიც პოლიციას უკვე დაკავებული ჰყავს, ასევე, ნათქვამია, რომ აუცილებელია, დემონსტრაციების დროს ყველა ნიღბიანი სამართალდამცველი ატარებდეს ხილულ საიდენტიფიკაციო ნიშნებს.
დელეგაცია ანგარიშში მიუთითებს, რომ შეექმნა შთაბეჭდილება იმის შესახებ, რომ დემონსტრანტების დაკავების შესახებ შეტყობინებები, კერძოდ, ახლობლებისთვის დაკავების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ადგილსამყოფელის შესახებ, როგორც წესი, სწრაფად და სისტემურად ხორციელდებოდა. მათთან საუბარში დაკავებულთა უმეტესობამ აღნიშნა, რომ მიეცათ ადვოკატთან წვდომა, თუმცა, ამის უფლება ზოგ შემთხვევაში, მხოლოდ რამდენიმე საათის ან ზოგჯერ, 2-3 დღის შემდეგ ეძლეოდათ, ზოგიერთ შემთხვევაში, მხოლოდ პირველი სასამართლო სხდომის დროს. კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ ადვოკატზე წვდომის უფლება უნდა იყოს სრულად უზრუნველყოფილი იმ მომენტიდანვე, როცა პირი ფაქტობრივად პოლიციის კონტროლის ქვეშ ექცევა.
ამასთან, დასკვნაში მითითებულია, რომ თითქმის არცერთმა დაკავებულმა არ დაადასტურა, რომ მათი ადვოკატი ესწრებოდა პოლიციის განყოფილებაში ჩატარებულ საწყის დაკითხვას. გარდა ამისა, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ რამდენიმე შემთხვევაში, გავრცელებული ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის ინსპექტორები ცდილობდნენ დაერწმუნებინათ დაკავებული პირები, არ მოეთხოვათ ადვოკატის დასწრება დაკითხვის დროს, იმ არგუმენტით, რომ ადვოკატის დანიშვნა ამ ადრეულ ეტაპზე და მისი დასწრება საწყის დაკითხვაზე მხოლოდ გაართულებდა და შეაფერხებდა გამოძიებას.
დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ დელეგაციამ ასევე მოისმინა რამდენიმე ბრალდება, რომლის მიხედვითაც მათმა დამკავებელმა პოლიციელებმა სცადეს დაკავებულ პირთა "არაფორმალურად" დაკითხვა (ადვოკატის გარეშე) პოლიციის ავტომობილში, მანამდე, სანამ ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანდნენ.
კომიტეტი კვლავ იმეორებს თავის რეკომენდაციას, რომ მიღებულ იქნას ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადვოკატთან წვდომის უფლება, მათ შორის სახაზინო ადვოკატთან, სრულად ეფექტიანი იყოს ყველა დაკავებული პირისთვის თავისუფლების აღკვეთის პირველივე წუთებიდან.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ პოლიციის იზოლატორში დაკითხვის საწყის ეტაპზე, პრაქტიკულად, არ არსებობდა ექიმთან წვდომა, თუმცა, დროებითი დაკავების იზოლატორში მიყვანისას სამედიცინო შემოწმება სისტემურად ტარდებოდა და ის მოიცავდა დაზიანებების დაფიქსირებას.
ამასთან, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ დაკავებულებს უფლებების შესახებ ზოგადი ინფორმაცია ეძლეოდათ, თუმცა, წერილობითი ინფორმაცია, როგორც წესი, მხოლოდ იზოლატორში გადაყვანისას გადაეცემოდათ - კომიტეტი მიუთითებს, რომ საჭიროა ძალისხმევის გაძლიერება დაკავებისას უფლებების ზეპირი განმარტების გასაუმჯობესებლად.
კომიტეტის მოწოდებაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დანერგოს პოლიციის მხრიდან ყველა, მათ შორის, საწყისი დაკითხვის სრული ელექტრონული ჩაწერა, რათა სათნადოდ დაფიქსირდეს დაკითხვის პროცესი და დაცული იყოს დაკავებულთა უფლებები. ასევე, მიუთითებს, რომ საჭიროა პოლიციელთა მომზადების გაუმჯობესება დაკითხვის ტექნიკებში.
კომიტეტი ანგარიშში შეშფოთებას გამოთქვამს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებით და მისი ფუნქციების პროკურატურისთვის გადაცემის გეგმით. აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის არსებობა კომიტეტისა და სხვა საერთაშორისო აქტორების ხანგრძლივი რეკომენდაციაა, რადგან პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებები ხშირად არაეფექტურად აღიქმებოდა. დამოუკიდებელი ორგანოს გაუქმება კი, განცხადების თანახმად, გაძლიერების ნაცვლად, ეწინააღმდეგება ამ რეკომენდაციებს.
ანგარიშში კომიტეტი აღნიშნავს, რომ დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში მოინახულა რამდენიმე სასჯელაღსრულების დაწესებულება - აღნიშნულია, რომ ნახევრად ღია ტიპის საკნებში კვლავ შეინიშნებოდა პრობლემები: გადატვირთულობა, პატიმართა შორის ძალადობა, არაფორმალური იერარქიის გავლენა, აქტივობების ნაკლებობა და პერსონალის სიმცირე. კომიტეტის რეკომენდაციაა, რომ ეს საკნები ეტაპობრივად დაიხუროს და ჩანაცვლდეს.
ანგარიშის თანახმად, დელეგაციამ არ დააფიქსირა პერსონალის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შემთხვევები, თუმცა პატიმართა შორის ძალადობა განსაკუთრებით ხშირი იყო ნახევრად ღია დაწესებულებებში - ასევე, ხაზგასმულია, რომ სერიოზულ პრობლემად რჩება პატიმრების უმრავლესობისთვის ორგანიზებული აქტივობების არარსებობა - ბევრ დაწესებულებაში ისინი საკნებში დღეში 23 საათამდე იმყოფებიან, ზოგჯერ თვეები და წლები იზოლაციაში.
ამასთან, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სამედიცინო მომსახურება ციხეებში ზოგადად კარგი ხარისხის იყო, თუმცა ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურებაში კვლავ სერიოზული ხარვეზებია - ნარკოდამოკიდებულ პატიმრებთან მუშაობა ძირითადად დეტოქსიკაციით შემოიფარგლება და არ მოიცავს საკმარისად ჩანაცვლებით თერაპიას.
ანგარიშის თანახმად, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში (თბილისი, ბათუმი, ხონი) ფიზიკური ძალადობის ბრალდებები არ დაფიქსირდა. ხონისა და ბათუმის დაწესებულებებში პირობები გაუმჯობესდა, ხოლო თბილისში პირობები მძიმე და დამამცირებელი იყო. მკურნალობა ძირითადად მედიკამენტურია და ფართოდ გამოიყენება პირველი თაობის ანტიფსიქოტიკები, რაც გვერდითი ეფექტების რისკს ზრდის. კომიტეტი აღნიშნავს, რომ საჭიროა მათი ეტაპობრივი ჩანაცვლება თანამედროვე პრეპარატებით.
ამასთან, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პერსონალის სიმცირის გამო, შეზღუდულია პაციენტების რაბილიტაციური აქტივობები.
კომიტეტის წევრების მიერ დადებითად არის შეფასებული პაციენტთა კონტაქტი გარესამყაროსთან, განსაკუთრებით ოჯახის ვიზიტები.