სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება - 18 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები დარეგისტრირდებიან
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა.
სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.
2026-2027 სასწავლო წლიდან ცვლილება შედის პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესშიც. საყოველთაო რეგისტრაციის დაწყების ეტაპამდე,დაემატა მესამე "ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის" ეტაპი, რომლის მიზანს მოსწავლეთათვის საცხოვრებელ (რეგისტრაციის) ადგილთან ახლომდებარე საჯარო სკოლაში ჩარიცხვის შესაძლებლობის გაზრდა წარმოადგენს.
"ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის" ეტაპში ჩართული იქნება 12 ქალაქი – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, რომლებიც სასკოლო უბნებად იყოფა და ფოთი, ზუგდიდი, თელავი, ამბროლაური, ახალციხე, ოზურგეთი, მცხეთა და გორი, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრებით შემოიფარგლება.
ქალაქ თბილისის შემთხვევაში, სასკოლო უბნების ადმინისტრაციულ საზღვრებთან მცხოვრებ მოსწავლეებს, უფლება ექნებათ დარეგისტრირდნენ მომიჯნავე სასკოლო უბნის იმ სკოლებშიც, რომლებიც მათი საცხოვრებელი ადგილიდან დაშორებულია არაუმეტეს 1 კილომეტრით. აღნიშნული მისამართების ნუსხა და შესაბამისი სკოლები, მეტი მოქნილობის მიზნით, განისაზღვრება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მესამე ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში 2026 წლის 1 აპრილის მდგომარეობით მოსწავლის რეგისტრაციის მისამართის შესაბამისად.
2026-2027 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები:
I ეტაპი – რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2026 წლის 18 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები.
პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტების მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს.
პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენისა და ჩარიცხვის პერიოდია 2026 წლის 4 მარტიდან 17 აპრილის ჩათვლით.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღვევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრი.
ბავშვებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება საშუალება ექნებათ, რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე გაიარონ.