საუბედუროდ, რუსეთი დღემდე აგრძელებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას - თეა ახვლედიანი
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, თეა ახვლედიანის განცხადებით, 13 წლის წინ რუსეთის სამხედრო აგრესიამ მნიშვნელოვნად შეარყია უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი.
ეს განცხადება მან გორში გააკეთა, სადაც მთავრობის წევრები და მოქალაქეები 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულების მემორიალს პატივს მიაგებენ.
13 წლის წინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიით და ჩვენი ორი განუყოფელი რეგიონის ოკუპაციით, ამავდროულად, ძირი გამოუთხარა და მნიშვნელოვნად შეარყია უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი.
ეს იყო რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის და ამბიციების აშკარა გამოვლინება და მცდელობა, რომ შეინარჩუნოს საკუთარი გავლენის სფეროები რეგიონში და შეზღუდოს დამოუკიდებელი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ორიენტირებული არჩევანის სუვერენული უფლება.
საუბედუროდ, დღემდე აგრძელებს რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას, მათი ანექსიისკენ მიმართულ ინტენსიურ ნაბიჯებს, ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების სისტემატურ და უხეშ დარღვევებს," - აცხადებს თეა ახვლედიანი.