შიდა ქართლში დააკავეს პირი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ტრაილერით შემოიყვანა



შიდა ქართლში დააკავეს პირი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ტრაილერით შემოიყვანა

"ტვ მონიტორინგისთვის" მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის ფაქტზე დაკავებული კიდევ ერთი პირის ვინაობა გახდა ცნობილი. ის 32 წლის გიორგი ნარიმანიძეა, რომელიც ტრაილერის მძღოლია. ის შიდა ქართლში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მას ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წარდგენია და დაკავებული მცხეთის იზოლატორშია გადაყვანილი. მისთვის წაყენებული ბრალი მძიმე დანაშაულის დაფარვას და მიგრანტის უკანონოდ გადაყვანას გულისხმობს. დაკავების შესახებ შსს-მ განცხადება დღეს გაავრცელა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით ერთი პირი - 1989 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავა.

სამართალდამცველებმა საქმეზე ამავე ბრალდებით უკვე სამი პირი დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს.

დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება", - წერია უწყების განცხადებაში.

 

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ