ხაშურის მუნიციპალიტეტის ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებული სოფელ ლოპანის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას ტყიდან მელიქიშვილი ზაზა და გაგნიძე ვალერი დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი. ინფორმაცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგ უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და საერთაშორისო პარტნიორებს.
,,საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები წარმოადგენს დესტრუქციულ ქმედებას, რომელიც მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებისაკენ და მნიშვნელოვნად ართულებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა საშუალებას უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად." - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.