სატაცურის ექსპორტი იმპორტს აღემატება - სად ვყიდით და ვყიდულობთ პროდუქტს



სატაცურის ექსპორტი იმპორტს აღემატება - სად ვყიდით და ვყიდულობთ პროდუქტს

ბოლო წლებში სოფლის მეურნეობაში პოპულარობას ისეთი პროდუქტების წარმოება იკრეფს, როგორიც მაგალითად სატაცურია. ადგილობრივი მწარმოებლების შეფასებით, წლიდან წლამდე სატაცურზე მოთხოვნა იზრდება და მოთხოვნასთან ერთად იზრდება ფასიც. BM.GE დაინტერესდა, გაგვაქვს თუ არა ექსპორტზე აღნიშნული პროდუქტი და რა მოცულობით ვახდენთ მის იმპორტს.

ოფიციალური სტატისტიკით ირკვევა, რომ გასულ წელს საქართველოდან სატაცური მცირე მოცულობებით მხოლოდ 2 ქვეყანაში გავყიდეთ, თუმცა 2020 წელს საქართველოდან ექსპორტირებული სატაცურის ღირებულება თითქმის გაორმაგებულია. გასულ წელს ექსპორტზე 9.5 ტონა სატაცური საექსპორტო ბაზრებზე 43.4 ათას დოლარად გავიტანეთ, 2019 წელს კი ეს მაჩვენებელი 22.6 ათასს დოლარს შეადგენდა (5.9 ტონა). შესაბამისად, ექსპორტის ზრდამ 93.3% შეადგინა.

ქართულ სატაცურზე მოთხოვნა ძირითადად რუსეთის ბაზარზეა, თუმცა პროდუქტი მცირე მოცულობით სომხეთშიც იყიდება. პანდემიურ წელს რუსეთში 41.8 ათასი დოლარის ღირებულების 9.3 ტონა სატაცური გავიდა, ზრდამ 110% შეადგინა. მეორე საექსპორტო ბაზარი კი სომხეთია, თუმცა ამ მიმართულები რეალიზაცია 29.6%-ით შემცირდა და 0.2 ტონა სატაცურის გატანისთვის ქვეყანამ 2.7 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.

რაც შეეხება საიმპორტო ბაზრებს, შეძენის მოცულობები ამ შემთხვევაშიც მცირეა და პანდემიურ წელს ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო შემცირებულია. 2020 წელს ნიდერლანდებიდან და თურქეთიდან 2.9 ტონა სატაცურის შესაძენად ქვეყნიდან 5.2 ათასი დოლარი გავიდა. იმპორტი 66.2%-ითაა შემცირებული.

აღსანიშნია, რომ ნიდერლანდებიდან 2020 წელს 0.5%-ის შესაძენად 4.6 ათასი დოლარი გავიდა, ხოლო 2.4 ტონა სატაცური თურქეთიდან 0.6 ათას დოლარად შევიძინეთ.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ