ევროკავშირი ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს



ევროკავშირი ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად ევროკავშირი აცხადებს კონკურსს ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2021 წლის პრიზის მოსაპოვებლად.

3 მაისთან – პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომლის წლევანდელი თემა არის „ინფორმაცია საზოგადოებრივი სიკეთეა“, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, განცხადება გაავრცელა:

"დღევანდელ ციფრულ ეპოქაში ჩვენ ვიძირებით ინფორმაციის ნაკადში, ეს განსაკუთრებით Covid-19-თან დაკავშირებულ ‘ინფოდემიას’ ეხება. აღნიშნულ კონტექსტში, ხარისხიანი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა არის "ვაქცინა" დეზინფორმაციის წინააღმდეგ; ჟურნალისტები ჩვენი მთავარი მოკავშირეები არიან, რომლებიც დემოკრატიების ფუნქციონირებას უწყობენ ხელს. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი ამ მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ევროკავშირი თქვენ გვერდით დგას და იცავს თქვენს თავისუფლებას, რომელიც ამ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებისთვისაა აუცილებელი”.
ტრადიციისამებრ, კარლ ჰარცელმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით და გამოაცხადა კონკურსი ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2021 წლის პრიზის მოსაპოვებლად:

„დღეს ჩვენ უკვე მეცხრედ ვაცხადებთ კონკურსს ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მოსაპოვებლად. პრიზის მიზანია ჟურნალისტური ეთიკის, პროფესიონალიზმისა და ხარისხის უმაღლესი სტანდარტების მქონე ჟურნალისტების მხარდაჭერა და მათი დაჯილდოება. ერთი თვის წინ მე დავაჯილდოვე ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2020 წლის პრიზის გამარჯვებულები იმ შესანიშნავი ნამუშევრებისათვის, რომლებშიც კარგად ჩანდა ქართული საზოგადოებისათვის აქტუალური და კომპლექსური თემებისა და გამოწვევების ღრმა ცოდნა“.

სამშვიდობო ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) სპეციალური პრიზის დაწესებასთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა განაცხადა:

“პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს ხაზი მინდა გავუსვა თავისუფალი, დამოუკიდებელი და პროფესიონალური ჟურნალისტიკის მნიშვნელობას ნდობის აღდგენაში, მშვიდობის შენარჩუნებასა და დემოკრატიული საზოგადოებების მშენებლობაში. კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ ვითარებებში ეს არის ფაქტების გონივრული, მიუკერძოებელი, ეთიკური და ზუსტი გაშუქება, რომელსაც "მშვიდობის ჟურნალისტიკასაც" უწოდებენ. ასეთი ჟურნალისტიკის წასახალისებლად და ყოველწლიურად საუკეთესო ნამუშევრების დასაჯილდოებლად, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის ფარგლებში, აწესებს სპეციალურ პრიზს მშვიდობის ჟურნალისტიკასა და კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ნაშრომისათვის”.


ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის შესახებ

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ 2012 წელს დააარსა, ხელს უწყობს ქართულ მედიაში პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის ნორმების გაღრმავებას. ნდობისა და მშვიდობის აღდგენაში გაწეული წვლილისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გასცემს კონფლიქტების მიმართ სენსიტიური ჟურნალისტური ნაშრომისთვის დაწესებულ სპეციალურ პრიზს.

კონკურსის წესები ეყრდნობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს და ემსახურება პროფესიონალიზმისა და ეთიკის ნორმების დამკვიდრების ხელშეწყობას ქართულ ჟურნალისტიკაში.

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში წელს 7 კატეგორიაში გაიცემა:

საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;

საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;

საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;

საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;

ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;

ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო;

კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში).

ინფორმაცია საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის წესების შესახებ იხილეთ: https://eu4georgia.ge/ka/euprizeforjournalism/

პირველ ექვს კატეგორიაში თითოეული გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს.

სამშვიდობო ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მფლობელი გაივლის 30-დღიან სტაჟირებას „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ ლონდონის ოფისში.

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 ნოემბერი.

განაცხადის ფორმა, ნამუშევრების წარდგენის წესები და ბოლო ვადები იხ.: https://eu4georgia.ge/ka/euprizeforjournalism/ 

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ