მინდა მივმართო რუსეთის მოქალაქეებს, ვინც არ დაკარგა სინდისი, გამოხატეთ პროტესტი ამ ომის წინააღმდეგ - ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული სამხედრო ინტერვენციის პარალელურად დეზინფორმაციის კამპანიაზე საუბრობს. უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის რუსულენოვან მოქალაქეებს და ასევე, რუსეთში მცხოვრებ მოქალაქეებს, რუსულად მიმართა და სთხოვა - მაქსიმალურად რეალური ინფორმაცია გაავრცელონ.
"დღევანდელი დილა შევიდა ისტორიაში. უკრაინა თავს იცავს და არ დათმობს თავისუფლებას. უკრაინას აქვს უფლება იცხოვროს ამაყად საკუთარ ტერიტორიაზე. რუსეთი ვერაგულად დილით თავს დაესხა ჩვენს სახელმწიფოს როგორც ეს გააკეთა ფაშისტურმა გერმანიამ. რუსეთის სახელმწიფო დგას ბოროტების მხარეს. მინდა მივმართო რუსეთის მოქალაქეებს, ყველას ვინც არის რუსეთში, ვინც არ დაკარგა სინდისი, გამოდით და განაცხადეთ, გამოხატეთ პროტესტი ამ ომის წინააღმდეგ. მე მინდა მივმართო მოქალაქეებს რუსულ ენაზე. მე ვიცი რომ ამ ინფორმაციას თქვენ არ გაჩვენებენ ტელეარხები, სოც.ქსელებში ბევრი რამ არის დაბლოკილი, თუმცა სურვილი გაანადგურონ ერი შეუძლებელია, ისტორიის ბლოკირება არის შეუძლებელი, ამიტომ ძვირფასო ჩემო ძვირფასო უკრაინის მოქალაქეებო, ვისაც ჰყავს ნათესავები, მეგობრები რუსეთში, ვინც იცნობს ჟურნალისტებს და ბლოგერებს, გთხოვთ, დაუკავშირდით მათ, მათ მუდმივად უნდა ილაპარაკონ ამაზე. რუსეთმა უნდა იცოდეს სიმართლე," - განაცხადა ზელენსკიმ.