გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე დაინიშნა
სსიპ გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე დაინიშნა. „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იგი მოცემულ პოზიციას ოთხი წლის ვადით დაიკავებს. ამის შესახებ შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა.
ნიკოლოზ ჰაინე-შველიძეს პროფესიული განათლება საქართველოში და გერმანიაში აქვს მიღებული. ის 25 წელზე მეტია ემსახურება ქართული თეატრს, როგორც რეჟისორი და სპექტაკლების მხატვრული გამფორმებელი. ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე ასევე რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენის ერთ-ერთ დამფუძნებელია და არაერთი სპექტაკლი აქვს დადგმული ამ სცენაზე. გარდა ამისა, იგი არის არაერთი მასობრივი ხასიათის ღონისძიების რეჟისორი (სახალხო ზეიმი „თბილისობა 2013“ - რეჟისორი; 2017 წელს ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის დახურვის ღონისძიება - რეჟისორი; 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია - კრეატივი/დაგეგმარება და სხვა).
ინფორმაციისთვის, მოცემულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი ორჯერ იყო გამოცხადებული. პირველად კონკურსი 2021 წლის 22 დეკემბერს გამოცხადდა, რომელიც 2022 წლის 24 იანვარს ჩაიშალა და განმეორებით 2022 წლის 25 იანვარს გამოცხადდა.
2022 წლის 10 თებერვალს კულტურის სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ სარეკომენდაციო საბჭოს კულტურის სამინისტრომ განსახილველად წარუდგინა სამი კანდიდატი - რეჟისორები გიორგი (გოგა) თავაძე, ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე და ვახტანგ ჯუღელი. საბჭოს სხდომაზე წარდგენილი კანდიდატებიდან ნიკოლოზ ჰაინე-შველიძემ და გიორგი (გოგა) თავაძემ ხმათა თანაბარი ოდენობა, 3-3 ხმა დააგროვეს. ამასთან, საბჭოს თავმჯდომარის ხმა იყო გიორგი (გოგა) თავაძის სასარგებლოდ.
კულტურის მინისტრმა, პროფესიული თეატრების შესახებ საქართველოს კანონის მეათე მუხლის მერვე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განიხილა საბჭოს სხდომის ოქმი და შესაბამისი მასალები და, მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე დანიშნა.