„თალიბანი“ ქაბულში ყველა მხრიდან შემოდის“, - ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
Al Jazeera-ს ცნობით, „თალიბანის“ წევრებმა მიიღეს ბრძანება, რომ ყველას, ვისაც ქაბულის დატოვება სურს, ამის უპრობლემოდ, მშვიდობიანად გაკეთების უფლება მისცენ. ამასთან, მიღებული აქვთ მითითება, თავი შეიკავონ დედაქალაქში ნებისმიერი ძალადობისგან.
„ქალები, რომლებიც ქაბულში არიან, უსაფრთხო ადგილებში უნდა გადავიდნენ“, - აღნიშნულია „თალიბანის“ განცხადებაში.
ამ წუთებში, დაჯგუფების წარმომადგენლები დედაქალაქში, პრეზიდენტის სასახლეში არიან და მთავრობის წარმომადგენლებს ხვდებიან. მათი თქმით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს „ქაბულის მშვიდობიანად გადასაცემად და ძალაუფლების გადასაბარებლად“ აწარმოებენ.
„თალიბანი“ ქაბულში ყველა მხრიდან შემოდის“, - ვკითხულობთ ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ადგილობრივი მედია წერს, რომ უწყების ხელმძღვანელის თქმით, „ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარების“ მოლოდინშია.