"მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ მარაგების შექმნის საჭიროება არ არსებობს" - სოფლის მეურნეობის მინისტრი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მოსახლეობას მიმართავს და აღნიშნავს, რომ მარაგების შექმნის საჭიროება არ არსებობს.
"გახსოვთ, პანდემიის დასაწყისშიც ადგილი ჰქონდა პანიკურ შესყიდვებს, რის გამოც იყო გარკვეული პროდუქტების დეფიციტი დახლებზე. თუმცა, არც მაშინ იყო ეს მარაგების უქონლობით გამოწვეული, არამედ გამოწვეული იყო იმ პროცესებით, რაც მოსახლეობის მხრიდან მარაგების შექმნას უკავშირდებოდა. მინდა, მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, რომ მარაგების შექმნის და ამ მიზნით ზედმეტი შესყიდვების განხორციელების საჭიროება არ არსებობს, რადგან ჩვენ ყველა მიმართულებით, არა მარტო პირველადი მოხმარების, არამედ სხვა პროდუქტების მხრივ შესაბამისი მარაგები გვაქვს და ამას დაინახავს საზოგადოება მომავალ დღეებში," - განაცხადა განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
მინისტრმა მომარაგების პროცესის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარაგების შევსება ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს. არც ერთი პროდუქტის იმპორტის განხორციელების მიმართულებით არ არის შეფერხება. ქვეყანაში არის იმ რაოდენობის მარაგი, რაც საჭიროა მოსახლეობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
მისივე თქმით, "არანაირი საფუძველი არ არსებობს შაქრის კუთხით მომარაგების შეფერხების, რადგან ჩვენი ძირითადი მომწოდებელი არ არის არც რუსეთი და არც უკრაინა; ეს პროდუქტი შემოდის ბრაზილიიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან"
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
"რადგანაც გაიზარდა მოთხოვნა და გაიზარდა შესყიდვები მოსახლეობის მხრიდან, დისტრიბუცია ლოგისტიკურ ჯაჭვში ამ პროცესებს ვერ აყვა, რაც გამოსწორდება რამდენიმე დღეში და ჩვენ ვნახავთ, რომ ამ მიმართულებით პრობლემა არ არის," - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრის თქმით, იმპორტიორები და ბიზნესი მზადაა, რომ პროდუქტები, რომელთა მოწოდებაშიც შესაძლოა გარკვეული შეფერხებები გაჩნდეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, სხვა ბაზრებიდან მოწოდებით ჩაანაცვლოს.
"ჩვენ მაქსიმალურად მხარს დავუჭერთ ჩვენს ბიზნესს, იმპორტიორებს, რათა მათ შესაბამის ბაზრებზე ჰქონდეთ წვდომა და ჩვენი საელჩოების, ჩვენი კოლეგა სამინისტროების მეშვეობით მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ კონტაქტების დამყარებაში და შესაბამისი ბაზრების მოძიებაში. ამ ეტაპზე იმპორტიორი ქვეყნების ჩანაცვლების საჭიროება არ დგას," - განაცხადა ოთარ შამუგიამ.