საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩს შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილის პასუხები გადასცა. ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“მაქვს პატივი, გადმოგცეთ ევროკომისიის კითხვარზე ჩვენი პასუხები, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ წარდგენილ განაცხადზე დასკვნის მოსამზადებლად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრესსამსახური ევროკავშირის ელჩის კომენტარსაც ავრცელებს: „მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო კიდევ ერთი ისტორიული მომენტის მონაწილე და თქვენს გვერდით ვიდგე ამ ცივილიზაციური არჩევნისკენ მიმავალ გზაზე“.
ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააგზავნა, 11 აპრილს კი ევროკომისიისგან კანდიდატის წევრობის კითხვარი მიიღო. 15 აპრილს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ხელისუფლებამ ის გაასაჯაროვა.
დოკუმენტის პირველი ნაწილი 369 კითხვისგან შედგებოდა. ის პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმებით აფასებდა საქართველოს მზაობას, მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
29 აპრილს ხელისუფლებამ გაასაჯაროვა დოკუმენტის მეორე ნაწილი. მასში თითქმის 2300 კითხვაა. იგი არკვევს, რამდენად მორგებულია საქართველოს კანონმდებლობა ევროპულს, რამდენად მოხერხდება მასში ცვლილებების შეტანა და რამდენად მზადაა საქართველო, შეასრულოს ის ვალდებულებები, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა დააკისრებს. ხელისუფლებამ კითხვარის მეორე ნაწილს 13 მაისამდე უნდა უპასუხოს.