„მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტში ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითად მიმართულებებზე, უწყების საქმიანობის სპეციფიკაზე, არსებული გამოწვევების ფონზე სამინისტროს მიერ გატარებულ ღონისძიებებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელსაც დეპუტატებმა „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს.
მინისტრმა გამოსვლის დასაწყისში, 12 მარტს, რიკოთის უღელტეხილზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ 3 პატრულ-ინსპექტორის ოჯახებს და ახლობლებს მიუსამძიმრა.
პარლამენტის წევრებმა გარდაცვლილი პოლიციელების ხსოვნას, წუთიერი დუმილით, პატივი მიაგეს.
ვახტანგ გომელაურმა მოხსენების ოფიციალური ნაწილი უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე და რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე საუბრით დაიწყო.
„ჩვენთვის ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მტკივნეული. 2008 წელს, ომით, ამ აგრესიით გამოწვეული შედეგები ჩვენ საკუთარ სამშობლოში გამოვცადეთ და გადავიტანეთ. მე, როგორც რიგითი ქართველი და როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, კიდევ ერთხელ, სრულ და ღია მხარდაჭერას ვუცხადებ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს. ძალიან მძიმე და რთული ვითარებაა უკრაინაში, მშვიდობიანი მოსახლეობა განსაცდელშია. იღუპებიან ბავშვები, ქალები, მოხუცები, იბომბება ქალაქები, სამწუხაროდ, მსხვერპლი დიდია. საერთაშორისო საზოგადოებამ და მსოფლიო ლიდერებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. საქართველოს მთავრობა, პოლიტიკურად ყველა საერთაშორისო დონეზე, მხარს უჭერს უკრაინას“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მინისტრმა კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის მასშტაბით, უკვე ყველა უბანში 400-მდე მართლწესრიგის ოფიცერი მუშაობს. მისივე განცხადებით, რეფორმა გრძელდება და კონცეფციის სრულყოფილად ასამუშავებლად მართლწესრიგის ოფიცრების რაოდენობის ეტაპობრივი ზრდა და ინსტიტუტის ქვეყნის ყველა მსხვილ ქალაქში დანერგვა იგეგმება.
ვახტანგ გომელაურმა ნარკოდანაშაულის და ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 2021 წელს უწყებამ ყველაზე მეტი – 136 ნარკორეალიზატორი დააკავა.
„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი ნარკორეალიზატორი 2021 წელს დავაკავეთ. ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 136 პირი. ასევე, პასუხისგებაში მიცემულია ნარკოტიკებით ონლაინ ვაჭრობაში ჩართული 22 პირი. დაიხურა 8 ინტერნეტ სარეალიზაციო მაღაზია. პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული ორი კანონპროექტი დაამტკიცა. ცვლილების თანახმად, ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის მინიმალურ სასჯელად 10 წლიდან თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა. ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით გასაღების შემთხვევაში, ქმედების ჩამდენი პირის მიმართ, სასჯელის სახით 12-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში – 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მინისტრი, თავის გამოსვლაში, სამინისტროს მიერ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებსა და მიღწეულ შედეგებსაც შეეხო.
მისი განცხადებით, სამინისტროსთვის კვლავ პრიორიტეტულად რჩება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და 2021 წელს, ამ მიმართულებით, სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა დამტკიცდა.
„გასულ წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ორი კანონიერი ქურდი. „ქურდული სამყაროს“ წევრობის, მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 75 პირი. დაკავებულ იქნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი 22 პირი და ამოღებულია ინტერპოლის არხებით ძებნილი 53 ავტომობილი. 2021 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეების უშუალო მონაწილეობით, ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოში ჩატარდა 12 ერთობლივი ღონისძიება, რომელთა ფარგლებშიც, ჯამში, დაკავებულ იქნა სხვადასხვა დანაშაულში მონაწილე 92 პირი და 4 კანონიერი ქურდი“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
მინისტრმა სახელმწიფო საზღვრის კონტროლზე და მის უსაფრთხოებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ყველა შესაძლო პრევენციულ ღონისძიებას ახორციელებს, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული ჩვენი საზღვარი, როგორც გამტარი პუნქტები, ასევე, ე.წ. მწვანე საზღვარი.
მინისტრი ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციებს ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით.
„საყოველთაოდ ცნობილია, რომ 2020-2021 წლებში პანდემიის გამო საზღვარი ძირითადად ჩაკეტილი იყო. შევადარებ 2019 წლის და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდებს და მოგახსენებთ, დღეს ეს ციფრი, მაშინდელთან შედარებით, 50 %-ით ნაკლებია. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტების მატება ფიქსირდება მესამე ქვეყნებიდან, რაც სხვადასხვა ქვეყნის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის საჰაერო სივრცის დაკეტვამ განაპირობა. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, ძირითადად ეთნიკურად ჩრდილოეთ კავკასიელები, თურქეთის რესპუბლიკიდან სარფის გამტარი პუნქტის გავლით შემოდიან საქართველოში და ტრანზიტულად ბრუნდებიან რუსეთში, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „დარიალის“ გავლით“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ვახტანგ გომელაურმა ყურადღება გაამახვილა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გასულ წელს ტერორიზმის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშზეც.
„2021 წელს სამინისტროში შემუშავდა საზღვრის ეფექტიანი მართვისა და შიდაუწყებრივი კოორდინაციის პროექტი, რომლის მიზანია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზღვრის ინტეგრირებული მართვის და სრულყოფილი სისტემის დანერგვა, აგრეთვე საზღვართან დაკავშირებული დანაშაულის შემცირება და პრევენციის მექანიზმის გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში, წელს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში შეიქმნა საზღვრის მართვისა და კოორდინაციის დანაყოფი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გასულ წელს ტერორიზმის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში, საქართველოს საზღვრის დაცვის მიმართულებით აღნიშნულია, რომ „კარგად ორგანიზებული და მაღალკომპეტენტური საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სანაპირო დაცვა სათანადოდ უზრუნველყოფენ პირველადი რეაგირების შესაძლებლობებს საქართველოს სახმელეთო და საზღვაო საზღვრებზე“, - აღნიშნა მინისტრმა.
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საპატრულო პოლიციაში უწყვეტ რეჟიმში გრძელდება განახლების, გადაიარაღებისა და შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებები და 2021 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დახვეწა და გააუმჯობესა მოქალაქეებისთვის საპოლიციო სერვისების მიწოდება.
მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდში სამინისტროში ბოლო წლების განმავლობაში პირველად, ყველაზე მასშტაბური გადაიარაღება განხორციელდა.
„თანამედროვე სტანდარტების „გლოკის“ ტიპის სამსახურებრივ-საშტატო იარაღით აღიჭურვა განსაკუთრებულ დავალებათა, საპატრულო პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლების ნაწილი. გადაიარაღების პროცესი წელსაც გაგრძელდება. მასშტაბურად განახლდა ავტოპარკი – ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ავტოპარკის განახლება ემსახურება ეფექტიანი პოლიციური საქმიანობის და ოპერატიული რეაგირების, ასევე, ჩვენი თანამშრომლების სიცოცხლის უსაფრთხოების მიზნებს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ვახტანგ გომელაურმა კანონმდებლებს უწყების ინიციატივების გაზიარებისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით, 2021 წლის განმავლობაში, საკანონმდებლო ორგანოსთან აქტიური თანამშრომლობით და მჭიდრო კოორდინაციით, არაერთი საკანონმდებლო ცვლილება შევიდა ძალაში. მადლობა მინდა, გითხრათ ჩვენი ინიციატივების გაზიარებისა და თანამშრომლობისთვის. საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ბოლო წლის განმავლობაში განხორციელდა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს“, - განაცხადა მინისტრმა.
ანგარიშის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს საზოგადოებრივი წესრიგისა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების მიმართულებით დაუღალავი შრომისთვის.
„მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩემს თანამშრომელს საზოგადოებრივი წესრიგისა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების მიმართულებით დაუღალავი შრომისთვის. ყველა თანამშრომელს მადლობა,“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.